ორ თვეა „თიბისი ბანკის“ საქმე აქტუალობას არ კარგავს.
საქმე ეხება 2019 წლის დასაწყისიდან მედიაში გავრცელებულ ცნობას, „თიბისი ბანკის“ 11-12 წლის წინანდელ ტრანზაქციებთან დაკავშირებით, რაზეც პროკურატურა გამოძიებას ფულის გათეთრების ბრალდებით აწარმოებს.
აღსანიშნავია, რომ 2008 წლის ტრანზაქციების გამო, ბანკსა და მის დამფუძნებლებთან დაკავშირებული სკანდალი ისე აგორდა, რომ ბევრ ეჭვს დაუდო საფუძველი, რაც სხვადასხვა ფაქტობრივი დეტალებითაც არის გამყარებული. მათ შორის, ერთ-ერთი გავრცელებული ვერსიით, ეს პროცესი ანაკლიის პორტის მშენებლობასა და ამ საკითხზე ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის პირად დამოკიდებულებას უკავშირდება. საინტერესოა ისიც, რომ ანაკლიის პორტი თავად მამუკა ხაზარაძემაც ახსენა ირიბად, მის მიერ გავრცელებულ ორივე საჯარო განცხადებაში. თუმცა, ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი, „თიბისის“ საქმესთან დაკავშირებულ ეჭვებს იმით გამორიცხავს, რომ გამოძიება ამ საქმეზე არა დღეს და გუშინ, არამედ 2018 წლის აგვისტოში დაიწყო. მაგრამ საინტერესოა, რომ ჯერ კიდევ აგვისტომდე გავრცელდა მედიაში ინფორმაცია ხაზარაძის პიროვნებით პროკურატურის დაინტერესების შესახებ.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა და გთავაზობთ, „თიბისის“ საქმის ქრონოლოგიას, თუ როდის და როგორც ვითარდებოდა პროცესი.
2018 წლის აპრილი - ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნდა და პარტია „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს ხელმძღვანელობას დასთანხმდა.
2018 წლის 12 ივნისი - პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე ოფიციალური ვერსიით, მმართველი გუნდი "იუნისეფის" კვლევასა და სიღარიბის საკითხებს განიხილავდა, თუმცა, არაოფიციალური ინფორმაციით, რაზეც ცნობები მედიაში იმ პერიოდშივე გავრცელდა - პარტიის თავმჯდომარეს ყოფილი პრემიერისთვის ანაკლიის პორტისა და ხაზარაძის შესახებ ბევრი შეკითხვა დაუსვამს. კულუარული ინფორმაციით, ივანიშვილს ისიც კი უთქვამს, "ფრთხილად იყოს ხაზარაძე, თორემ ხოდორკოვსკის ბედს გაიზიარებსო".
2018 წლის 13 ივნისი - პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა.
2018 წლის 12-13 ივლისი - მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ გენერალური პროკურატურა სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას გეგმავს. კერძოდ, როგორც მაშინ ერთ-ერთი მედიასაშუალება წერდა, საგამოძიებო ორგანოდან წყაროს მეშვეობით მიიღეს ინფორმაცია, რომ პირადად ბიძინა ივანიშვილის დავალებით "თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ გენერალურ პროკურატურაში სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას გეგმავდნენ. წყარო იუწყებოდა, რომ მთავარ პროკურატურას "თიბისი ბანკის" ბოლო 15 წლის საქმიანობის შესწავლა დაავალეს. ეს დავალება კი, წყაროსვე ცნობით, პირადად ივანიშვილისგან მოდიოდა. გავრცელებული ინფორმაციით, აქტიურ პოლიტიკაში ახლად დაბრუნებული ბიძინა ივანიშვილი კვირიკაშვილ-ხაზარაძის შესაძლო ალიანსის შესახებ გავრცელებულმა ცნობამ გააღიზიანა. ამასთან, ივლისში გავრცელებული ცნობით, განსაკუთრებული ინტერესია ხაზარაძისა და თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის, ვახტანგ ბუცხრიკიძის პერსონების მიმართ. ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ ივლისში გავრცელებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი მიზნად ისახავს „თიბისი ბანკისა“ და ანაკლიის პორტის მშენებლობის კონტრაქტის ხელში ჩაგდებას. თუმცა, აღსანიშნავია, რომ პროკურატურის მიერ „თიბისითა“ და ხაზარაძის პიროვნებით დაინტერესებას, მაშინ არც საგამოძიებო უწყება და არც ბანკი არ ადასტურებდნენ.
2018 წლის 2 აგვისტო - "თიბისი ბანკის" საქმეზე ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიმართვის საფუძველზე გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაიწყო. თუმცა, ინფორმაცია საჯაროდ არ გავრცელებულა. როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში იყო აღნიშნული, ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა „თიბისი ბანკის“, მისი კლიენტი იურიდიული პირების, ასევე აქციონერებისა და ადმინისტრატორების ფინანსური აქტივობების შესწავლა 2018 წლის მაისში დაიწყო.
2018 წლის 7 აგვისტო - ფინანსური მონიტორინგის შეტყობინების საფუძველზე, რომელიც 2012 წელს განხორციელებულ ტრანზაქციებს ეხებოდა, ეროვნულმა ბანკმა შემოწმება დაიწყო.
2018 წლის 26 ოქტომბერი - ბიძინა ივანიშვილი მამუკა ხაზარაძესა და ბიზნმესმენ ვანო ჩხარტიშვილზე საუბრობს. მან მადლობა გადაუხადა ჩხარტიშვილს, რომელმაც ივანიშვილის შეფასებით, ყველაზე დიდი ანგარიში გაუწია სხვა ბიზნესმენებისგან განსხვავებით, ყველაზე მეტად დაიხია უკან. რაც შეეხება ხაზარაძეს, როგორც ივანიშვილმა თქვა, მას ნორმალური მადლობაც კი არ უთქვამს.
2018 წლის ნოემბერი - სებ-მა „თიბისი ბანკს“ 1 მლნ ლარის ჯარიმა დააკისრა. რაც ბანკმა სასამართლოში გაასაჩივრა და სასამართლომ ჯარიმის გადახდა შეაჩერა.
2019 წლის 8 იანვარი - ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გავრცელდა ინფორმაცია, მამუკა ხაზარაძისთვის მილიონობით დოლარის გათეთრებისა და მითვისების გამო ბრალის წარდგენის შესაძლებლობაზე.
2019 წლის 9 იანვარი - პროკურატურაში გაიმართა ბრიფინგი, სადაც ფაქტობრივად, ერთი-ერთში გაიმეორეს წინა დღეს მედიაში გავრცელებული ინფორმაცია. მხოლოდ ერთი დეტალი არ დაემთხვა - პროკურატურამ არ დაადასტურა, რომ ხაზარაძე და ჯაფარიძე საბანკო საქმიანობას იყვნენ ჩამოცილებულნი.
2019 წლის 14 თებერვალი - გავრცელდა ეროვნული ბანკის განცხადება, რომლითაც სებ-მა ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება შეუჩერა და ამასთან, ორი თვის ვადაში მათ მიერ „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის პოსტის დატოვება მოითხოვა.
2019 წლის 21 თებერვალი - ხაზარაძემ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტის დატოვებაზე განაცხადა. „თიბისის“ ეროვნულ ბანკთან სასამართლო დავა შეწყვიტა და 1 მლნ ლარის გადახდას დასთანხმდა. თუმცა, ხაზარაძე და ჯაფარიძე სასამართლო დავას ინდივიდუალურად აგრძელებენ.
2019 წლის 26 თებერვალი - პარლამენტის დაგობრივი ეკონომიკის კომიტეტში ეროვნული ბანკისა და „თიბისის“ დამფუძნებლების მოსმენა ჩაიშალა. თუმცა, ხაზარაძე პარლამენტში კიდევ ერთხელ, 4 მარტს აპირებს მისვლას უკვე საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტში.
ცნობისთვის, პროკურატურამ „თიბისის“ საქმეზე გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ანუ ფულის გათეთრების ბრალდებით დაიწყო.
პროკურატურა გამოძიებას, სისხლის სამართის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის გ ქვეპუნქტით აწარმოებს, რომელიც გულისხმობს - უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, ესე იგი უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემას (ქონებით სარგებლობა, ქონების შეძენა, ფლობა, კონვერსია, გადაცემა ან სხვა მოქმედება) მისი უკანონო ან/და დაუსაბუთებელი წარმოშობის დაფარვის ან/და სხვა პირისთვის პასუხისმგებლობისათვის თავის არიდებაში დახმარების გაწევის მიზნით, აგრეთვე მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, ადგილმდებარეობის, განთავსების, მოძრაობის, მასზე საკუთრების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა უფლებების დამალვას ან შენიღბვას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. აღნიშნული ქმედება, ცხრიდან თორმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.