„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ორშაბათს, 4 მარტს პარლამენტში დაგეგმილ სხდომაზე მონაწილეობას მიიღებენ.
ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ბანკში განუცხადეს.
შეგახსენებთ, რომ 26 თებერვალს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე გამართული მოსმენა ჩაიშალა, რის შემდეგაც ეროვნული ბანკისა და „თიბისის“ დამფუძნებლების პარლამენტში მოწვევის თხოვნით, „ევროპულმა საქართველომ“ უკვე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს მიმართა.
კომიტეტმა აღნიშნული სხდომა 4 მარტს დანიშნა, თუმცა, „თიბისისგან განსხვავებით, ჯერ კიდევ არ არის ცნობილი დაესწრებიან თუ არა მოსმენას ეროვნული ბანკის წარმომადგენლები.
როგორც სებ-ში „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს, მათ მიწვევა ჯერ არ მიუღიათ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში კი აცხადებენ, რომ დაზუსტებით არ იციან, მიიღებს თუ არა სებ-ი 4 მარტს დაგეგმილ განხილვაში მონაწილეობას.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით კი, ეროვნული ბანკი საფინანსო კომიტეტის სხდომაზე მონაწილეობას არ მიიღებს. ეს განცხადება თალაკვაძემ გუშინ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გააკეთა.