გასულ კვირას ჩაიშალა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომა, სადაც "თიბისი ბანკთან" დაკავშირებულ საგამოძიებო პროცესზე მხარეებისთვის უნდა მოესმინათ. გაჩნდა ეჭვი, რომ სხდომის ჩაშლა წინასწარ იყო დაგეგმილი.
ამ და სხვა საკითხებზე კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიას ვესაუბრეთ:
- ბატონო რომან, კომიტეტის ჩაშლილი სხდომის მომდევნო დღეს პროკურატურამ "თიბისის" საქმეზე ბრიფინგი გამართა, თუმცა მოლოდინი ბევრს გაუცრუვდა, რადგან საგამოძიებო უწყებას, ფაქტობრივად, ახალი არაფერი უთქვამს. თქვენ რას უკავშირებთ საგამოძიებო უწყების ამ აქტივობას?
- ჩემი აზრით, პროკურატურის ბოლო განცხადების მიზანი იყო, გაებათილებინა ვერსიები და მოსაზრებები, რომ "თიბისი ბანკის" საქმეში პოლიტიკური მოტივი იკვეთება. რამდენად გამოუვიდათ, სხვა საქმეა. კრიტიკულ ელფერს ამ საქმეს აძლევს არა ის, თუ რასთან გვაქვს საქმე, არამედ ის, თუ რატომ გაახსენდათ ის დღეს, იმაზე კი მეტ-ნაკლებად ყველა თანხმდება, რომ შესაძლოა საქმე გვაქვს ბანკის განსაზღვრული ტიპის დარღვევასთან, გადაცდომასთან. ეს შეკითხვა აძლევს პროცესს პოლიტიკურ კონტექსტს და ამყარებს არსებულ ეჭვს. მას კი მხოლოდ მაშინ გააქარწყლებ, როცა იმასაც დაასაბუთებ, რა ტიპის დარღვევასთან გვქონდა საქმე და იმასაც ახსნი, რა ლოგიკით მიხვედი დღეს ამ საქმის გამოძიებამდე. თუ ამ ორივე შეკითხვას პასუხი არ გაეცემა და ჭკვიანური სახეებით დავიწყებთ საუბარს, რომ თურმე 20 წლის წინანდელი საქმეებიც გამოუძიებიათ, ასე არ გამოვა. სულ ცოტა, დამატებითი და მყარი არგუმენტი დასჭირდება პროკურატურას, რათა ამ საქმის გამოძიების შემდეგ მმართველი გუნდი წელგამართული დატოვოს.
ცხადია, არიან ისეთები, ვისაც მხოლოდ სიმართლე აინტერესებს, და ისეთებიც, ვისაც უნდა, რაც შეიძლება მეტი ჯოხი გადატყდეს მთავრობის კისერზე. ვისაც მხოლოდ სიმართლე აინტერესებს, უნდა მათ ავუხსნათ, რატომ წამოსწიეს ეს საქმე დღეს. ხოლო ამ პროცესში რომ ბანკის დამფუძნებლებისა და ფინანსური ინსტიტუტის იმიჯი ზიანდება, ამას ვერ გავექცევით, ახლა მთავარია, ზიანი მინიმუმამდე დავიყვანოთ.
- ბანკის დამფუძნებლების თქმით, პროკურატურა კონტექსტიდან ამოგლეჯილად ავრცელებს ინფორმაციას, რათა ეჭვი გააჩინოს, თითქოს რაღაც მოხდა. ამბობენ, რომ მათი ყველაზე დიდი იარაღი გამჭვირვალობაა, ამიტომაც მოვიდნენ თქვენს კომიტეტში, მაგრამ აზრის გამოთქმის შესაძლებლობა არ მიეცათ. ახლა კიდევ ცდიან, ამჯერად საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში.
- რა თქმა უნდა, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში მოუსმენენ, მაგრამ რამდენად საკმარისი იქნება ეს ჭეშმარიტების დასადგენად, საკითხავია. იმდენად გაიცვითა სიტყვები "დაველოდოთ გამოძიებას" და იმდენად მიეჩვია საზოგადოება, რომ ყველა ბრალდებული თავის უდანაშაულობას ამტკიცებს, ხოლო ყველა ბრალმდებელი - მისი მტკიცებულებების უტყუარობას, რომ ვერ მივედით ისეთი ქვეყნის დონემდე, სადაც სასამართლოს გადაწყვეტილებას ენდობი. დღევანდელი სასამართლო უკეთესია წლების წინანდელზე, მაგრამ აბსოლუტური ჭეშმარიტებისგან ჯერ კიდევ შორსაა. ამიტომაც არის, რომ ჟურნალისტები, დეპუტატები და სხვა დაინტერესებული პირები საკუთარ თავზე იღებენ გამოძიების ფუნქციას. მეორე მხრივ, ვერავინ იტყვის, რომ რაც უნდა მნიშვნელოვან პერსონებზე გვქონდეს საუბარი, ვინმე სარგებლობს ინდულგენციით, რომ თუ კითხვები გაგიჩნდა, მათ არ უნდა შეეხო. ამიტომ, თუ გინდა, რომ ამ პროცესიდან სუფთად გამოხვიდე, მოვლენები უკან უნდა გადაახვიო და ყველა კითხვას პასუხი გასცე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ყველაფერი ნაკლად და ხინჯად დააჩნდება ამ ხელისუფლებას.
- ცნობილია, რომ სებ-ი აღარ მიიღებს მონაწილეობას საკომიტეტო მოსმენაში და რამდენად შესაძლებელი იქნება ერთი მხარის მოსმენით სიმართლის დადგენა? ან რატომ ელით, რომ ამ სხდომაზე არ იქნება მწვავე პოლიტიკური განცხადებები? ჩემთვის, მაგალითად, თქვენს კომიტეტის სხდომაზეც არაფერი მომხდარა ისეთი, რაც აქამდე არ გვინახავს და მოგვისმენია.
- ჩემთვის პირადად ამ კომიტეტის სხდომის ჩაშლა, სამწუხაროდ, განაპირობა ეროვნული ბანკის განცხადებამ, რომელიც ჩემთვის სრული მოულოდნელობა იყო. იმ დილით გავიგე, რომ სებ-ის პრეზიდენტი პარლამენტში აპირებდა მოსვლას. მე ვიცოდი, რომ მოვიდოდა და იმავეს განაცხადებდა, რაც წინადღეს წერილობით გაავრცელა. განცხადების შინაარსს ვეთანხმებოდი კიდეც, რადგან, ვფიქრობ, ეროვნულ ბანკს აქვს უფლება თქვას, რომ როგორც რეგულატორს სწორად არ მიაჩნია, საკომიტეტო მოსმენის ფორმატში განიხილოს კომერციული ბანკისთვის სანქციის დაკისრების მიზეზები. სებ-ის ამ განცხადების შემდეგ ყველა პოლიტიკურ ძალას მივცემდი პოლიტიკური განცხადებების გაკეთების შესაძლებლობას, ბანკის წარმომადგენლებსაც მივცემდი მოსაზრების გამოთქმის საშუალებას და შესაბამისად, მოვიფიქრებდით იმ ფორმატს, რომელშიც შემდეგ ეროვნულ ბანკთან ერთად ყველა შეკითხვაზე მივიღებდით პასუხს. მაგრამ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა საკითხი სულ სხვაგვარად დააყენა: მზად ვარ გითხრათ ყველაფერი და პასუხისმგებლობა იმაზე, რაც ამას მოჰყვება, თქვენ აიღეთო. ძალიან მძიმე ალტერნატივის წინაშე დავდექი, როგორ გადამეწყვიტა სხდომის გამართვა, როცა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მეუბნება, ამით ცუდ შედეგს მივიღებთო. ამიტომ მივიღე ის გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან არაპოპულარულად გამოჩნდა. რა თქმა უნდა, ჯობდა სებ-ის პრეზიდენტი ისე წასულიყო პარლამენტიდან, არ ეთქვა ის, რაც თქვა, ან საერთოდ არ მოსულიყო და შემდეგ ერთად ჩამოვყალიბდებოდით მოსმენის ფორმატზე. სწორედ ამას ველოდები საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომისგან.
გასაგებია, რომ კომერციულ ბანკსა და მარეგულირებელს შორის დიალოგი პოლიტიკური შოუს ფორმატში არ უნდა წარიმართოს, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ არ არსებობს სხვა ფორმატი, რომელიც ორივე მხარისთვის იქნება მისაღები. თუ ამასაც თავს აარიდებს სებ-ი, მაშინ უფრო გაამძაფრებს იმ ეჭვს, რომელსაც ახლა ოპოზიცია აქტიურად ახმიანებს.
- თუმცა ოპოზიციას უკვე დაებადა ეჭვი, რომ განგებ გაკეთდა ყველაფერი, რათა კომიტეტის სხდომა ჩაშლილიყო.
- საზოგადოების უფლებაა დამიჯეროს ან არა, მაგრამ სხდომის დახურვა იმიტომ კი არ გადავწყვიტე, ამას ვინმე მეუბნებოდა, არამედ იმიტომ, რომ დავშანტაჟდი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, რომ თუ იტყოდა ყველაფერს, რაც სათქმელი ჰქონდა, ეს საფრთხის შემცველი იქნებოდა ფინანსური სექტორისთვის. მე ხომ არ ვიცოდი, რის თქმას აპირებდა. შინაარსი რომ მცოდნოდა, შემეძლო თავად შემეფასებინა, რა რისკებს შეიცავდა მისი ინფორმაცია. ამიტომ გადავწყვიტე, დარტყმა, რომელიც სხდომის დახურვას მოჰყვებოდა, ჩემს თავზე ამეღო.
ამიტომაც ვამბობ, რომ კობა გვენეტაძე ან საერთოდ არ უნდა მოსულიყო პარლამენტში, ან თუ მოვიდა, ეთქვა მხოლოდ ის, რაც წინადღეს გავრცელებულ სებ-ის განცხადებაში იყო ნათქვამი - ბოდიში, მაგრამ დიალოგში არ ჩავერთვებიო. შემდეგ სხდომას ისე წარვმართავდი, რომ მას არავინ დაახრჩობდა და იქნებოდა მხოლოდ რეაქცია მის პოზიციაზე. მაგრამ მან სულ სხვა განცხადება გაავრცელა და მე სხვა გამოსავალი ვერ დავინახე. ამიტომაც დასრულდა ასე გაუგებრად სხდომა.
- ამასობაში კი ანაკლიის პორტის მშენებლობის შესაძლო შეფერხების საკითხი უფრო მეტი სიმწვავით დადგა დღის წესრიგში. NATO-ს გაერთიანებული საზღვაო სარდლობის მეთაურის სერ კლაივ ჯონსტოუნის შეფასებით, საქართველოში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებას, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარებას შეუწყობს ხელს, აშშ-ის ელჩის მოადგილე ელიზაბეთ რუდმა კი იმედი გამოთქვა, რომ ეს პროექტი გაგრძელდება. თქვენ ხედავთ ანაკლიის პორტთან დაკავშირებულ საფრთხეებს?
- რა თქმა უნდა, მაგრამ საფრთხეების ძალიან გაზვიადებაც არ ღირს. ყოველთვის ვიყავი და ვიქნები ამ პროექტის მხარდამჭერი და ყველაფერს გავაკეთებ, რომ არ შეფერხდეს. მაგრამ ქვეყანაში არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც ანაკლიის პორტის საკითხს პოლიტიკური დღის წესრიგისთვის იყენებენ. ამიტომაც მგონია, რომ ხელოვნურად ხდება ამ პრობლემის გაზვიადება და გაათმაგებული სიმძაფრით მიწოდება საერთაშორისო საზოგადოებრიობისთვის. ვფიქრობ, მთავრობამ უნდა განაგრძოს ანაკლიის პორტის მხარდაჭერა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ.
მეორე მხრივ, როცა ხელისუფლებაზე შეტევას ცდილობენ და ამისთვის არც განსაზღვრული თემების გაზვიადებას ერიდებიან, მტყუან-მართლის გარჩევაში ქვეყნის ინტერესები არ უნდა დააზიანონ. თუმცა ინვესტორისა და ყველა დაინტერესებული პირისთვისაც ყველაზე უტყუარი ინფორმაცია პროკურატურის პასუხი იქნება კითხვაზე: რასთან გვაქვს საქმე და რატომ გახდა დღეს გამოძიებისთვის საეჭვო ტრანზაქცია? ამ საქმემ არ უნდა დატოვოს ეჭვი, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტები არსებობს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს პროცესი დააზიანებს არა მხოლოდ პორტის პროექტს, არამედ ვითარებას ქვეყანაში.
- ერთხელ თქვით, არა მგონია, ბიძინა ივანიშვილს ერჩივნოს ხალხს თავი დაამახსოვროს არა როგორც ქველმოქმედმა, არამედ ისტორიაში ორი მოსამართლის - ჩინჩალაძისა და მურუსიძის მხარდამჭერის სახელით შევიდესო. ამ საფრთხეს კვლავ ხედავთ?
- რა თქმა უნდა. საზოგადოება არ არის ისე განვითარებული, რომ მას ღირსეული დემოკრატიის შექმნა შეეძლოს, ამიტომაც არსებობს დღეს საზოგადოებრივი აზრის ფორმირების ინსტრუმენტები და მთელი ეს მანქანა ივანიშვილის წინააღმდეგ მუშაობს, რათა ისტორიაში სწორედ ამ ორი მოსამართლის მხარდამჭერის სახელით შევიდეს და არა ქველმოქმედებით. ამიტომაც, ჩემი აზრით, ბიძინა ივანიშვილს სერიოზულად დაფიქრება მართებს, რა წონა აქვს ამ გადაწყვეტილებას, კიდევ ერთხელ ხომ არ უნდა გადაამოწმოს ის დეტალები, რომელთა შესახებაც ჩვენ შესაძლოა არ ვიცით, ან ის ღირებულებები, რომ თითქოს ჯობია სასამართლოს თვითდაწმენდის საშუალება მიეცეს, ვიდრე ქირურგიულად ჩავერიოთ მასში. ცალკე აღებულ ამ თეორიას შესაძლოა ვეთანხმებოდი კიდეც, მაგრამ დღეს სრულიად სხვა ვითარება გვაქვს. თუნდაც ფიქრობდე, რომ უსამართლოდ შეგიბღალეს ავტორიტეტი, რომ პროპაგანდისტულმა მანქანამ დაგამარცხა (ამაში სწორედ იმ საეჭვო რეპუტაციის მოსამართლეებს ვგულისხმობ), ამ პროცესის მიმართ სახელმწიფოებრივი დამოკიდებულება უნდა გამოიჩინო, რადგან გინდა თუ არა, მმართველ ძალასთან ხარ ასოცირებული. იცით, "ქართული ოცნების" მთავარი პრობლემა რა არის? 2012 წელს ის სიმართლესთან იყო ასოცირებული, ხოლო "ნაციონალური მოძრაობა" ტყუილთან, ახლა კი ეს მოცემულობა ნელ-ნელა იცვლება. იმედია, ბიძინა ივანიშვილი ამ ყველაფერს გააანალიზებს და ისე დაამახსოვრებს თავს ხალხს, როგორც იმსახურებს.
- ხომ არ აშანტაჟებენ მოსამართლეებიც მმართველ გუნდს, როგორც თქვენ მოგიწიათ საკომიტეტო მოსმენის გაუქმებამ?
- ცალსახა მტკიცებულება შესაძლოა არ არსებობს, მაგრამ თუ ძალიან ბევრი ჩამოსცილდება საზოგადოებრივ აზრს და სასამართლოს განვითარების რაღაც თეორიით შეიარაღებული დარჩება, გაჩნდება ეჭვი, ამის უკან ვინმეს ან რამე ინტერესი ხომ არ დგას.
- ამგვარი განცხადებების გამო ბევრი ფიქრობს, რომ შორს არა ხართ იმ გადაწყვეტილებისგან, როცა შესაძლოა მმართველი გუნდი დატოვოთ.
- წასვლა ყოველთვის შეიძლება. თუმცა მგონია, რომ რადიკალური ცვლილებების გარეშე "ქართული ოცნება" ვერ დაიბრუნებს იმ იმიჯს, რომლითაც მას შეუძლია წარდგეს 2020 წლის არჩევნებზე, როგორც განახლებული და მომავალზე ორიენტირებული გუნდი. ცვლილებები უნდა იყოს არა კოსმეტიკური, არამედ ისეთი, რაც ნამდვილად ახალ სახეს შესძენს გუნდსა და მის ხედვას.
წყარო: „კვირის პალიტრა"