ყველაზე მყარი და გამჭვირვალე საბანკო სექტორი შევქმენით ჩვენ და ეს იყო მართლა სიამაყე. დღეს კი პრაქტიკულად მთელი მსოფლიო ლაპარაკობს, რომ ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით რაღაც მიდის, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, როდესაც ის პირველად დაიბარეს პროკურატურაში, მან ითხოვა, რომ უცხოელ პარტნიორებთან ხელმოწერამდე „თიბისი ბანკის“ საქმე ყოფილიყო კონფედენციალური, რადგან ხაზარაძის თქმით, „თბილისი პატარა ქალაქია და ჭორის დონეზეც ფულის გათეთრების საქმის წინ წამოწევა უზარმაზარ პროექტს ხელს შეუშლიდა“.
„ჩვენ რა თქმა უნდა, ამ ტრანზაქციებზე ყველა ინფორმაცია მივაწოდეთ პროკურატურას, მივაწოდეთ ყველა ჩვენი ანგარიში, ამ თანხის მოძრაობის - საიდან ავიღეთ, სად ჩაირიცხა და ა. შ. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ 80 მილიონი, თავის 17 მილიონიანად ჩაირიცხა ბანკის კაპიტალში, რაღაც ნაწილი გადაირიცხა მსოფლიო ბანკში, ეს არის მთელი ოპერაცია. დადასტურებულად ეს მასალა მიცემული გვაქვს ჩვენ უწყებებისთვის რიცხვების, საათების, საბანკო ამონაწერებს დონეზე. ამის შემდეგ ხდება ჩემი დაბარება პროკურატურაში და მე ბუნებრივია ვიყენებ კანონით მინიჭებულ უფლებას და ვითხოვ მოსამართლის წინაშე გამოკითხვას და იქ ვამბობ რამდენიმე ფრაზას: -ალბათ იცით, რომ ჩვენ ვმუშაობთ დიდ პროექტზე, ეს არის ანაკლიის პროექტი, ჩვენ ღია ვართ გამოძიებისთვის, მზად ვართ ყველა ინფორმაცია მოგაწოდოთ, მაგრამ გთხოვთ, რომ ეს საკითხი იყოს იყოს კონფიდენციალური, იმიტომ, რომ 19 იანვარს ხელს ვაწერთ ორ სახელმწიფო ბანკთან -ჰოლანდიის და გერმანიის ბანკთან დოკუმენტს. ემოციურად ვუთხარი, რომ თბილისი მაინც პატარა ქალაქია, ჭორის დონეზეც რომ იყოს თქვენ ფულის გათეთრების საქმე გაქვთ, ეს შეუშლის ხელს ჩვენს უზარმაზარ პროექტს. ამის მერე ხდება ბადრი ჯაფარიძის დაბარება ახალ წელს პროკურატურაში ანალოგიური კითხვებით და ცხრა იანვარს ასე ვთქვათ, პროკურატურა აკეთებს განცხადებას ტელევიზიების წინაშე, რომ საქმე მიდის ფულის გათეთრების მუხლით. მე ალბათ არ დამჭირდება თქვენთვის ახსნა, ამას არც გამოძიება სჭირდება და არც პირველი კურსის სტუდენტი იურიდიული ფაკულტეტის, რომ ამოიღოთ კანონმდებლობა და ჩაიხედოთ, რას ნიშნავს ფულის გათეთრება და რა მუხლით შეიძლება ფულის გათეთრება. ფულის გათეთრება არის, როდესაც შავი ფული შედის სისტემაში, ფულის გათეთრებას სწავლობს ეროვნული ბანკის სპეციალური დეპარტამენტი, 30 ათასი ლარის ზემოთ ნებისმიერი ტრანზაქცია, ავტომატურ რეჟიმში იგზავნება საბანკო სივრციდან. ყველაზე მყარი და გამჭვირვალე საბანკო სექტორი შევქმენით ჩვენ და ეს იყო მართლა სიამაყე. დღეს პრაქტიკულად მთელი მსოფლიო ლაპარაკობს, რომ ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით რაღაც მიდის“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.