„სანამ ყველაფერი არ გაირკვევა, არავინ, არც ადგილობრივი ბიზნესმენი და მითუმეტეს, უცხოელი, ქვეყანაში ინვესტიციის ჩადებას არ მოისურვებს“,- ამის შესახებ გადასახადის გადამხდელთა კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა გიგლა მიქაუტაძემ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ „თიბისი ბანკის“ ირგვლივ განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, ხაზარაძე-ჯაფარიძის შემთხვევა ქვეყანაში ბიზნესის განწყობის გაუარესებას გამოიწვევს, რაც ყველა მოქალაქეზე მეტ-ნაკლებად, თუმცა ნეგატიურად აისახება.
„მე ვფიქრობ, რომ ხაზარაძე არის ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენი (ყოველ შემთხვევაში, აქამდე იყო). არა იმის გამო, რომ თავისი კლანი აქვს, არამედ თავისი ავტორიტეტით. ფაქტია, რომ ამ ადამიანმა შექმნა რამდენიმე წარმატებული ბიზნეს-პროექტი.
როდესაც ასეთ ავტორიტეტულ ადამიანს, რომელსაც კავშირები აქვს უცხოეთში, ასე უხეშად ექცევიან სახელმწიფო ინსტიტუტები, მაშინ ხვალ, ჩვეულებრივი მოქალაქეები რა დაცულები არიან მსგავსი ტიპის ქმედებებისგან?! სწორედ ეს არის ამ პროცესის ცალსახა შედეგი, რომ ბიზნესის განწყობა გაუარესდება. სანამ არ გაირკვევა ყველაფერი, არავინ, არც ადგილობრივი ბიზნესმენი და მითუმეტეს უცხოელი, ინვესტიციის ჩადებას ქვეყანაში არ მოისურვებს.
ეს ნიშნავს ნაკლებ სამუშაო ადგილს, ნაკლებ ეკონომიკურ ზრდას და ა.შ. ეს საბოლოო ჯამში, ყველაზე აისახება. ისედაც არ გვაქვს სასწაული ეკონომიკური შედეგები, მიუხედავად არსებული პოზიტივებისა, რომელზეც წესით, უნდა ვკონცენტრირდებოდეთ და ვფიქრობდეთ, როგორ გავაუმჯობესოთ. ამის ნაცვლად ხელოვნურად ვიქმნით პრობლემებს. არ ვიცი, ეს ვის სჭირდება და ვისთვის იქნება სასარგებლო“,- განაცხადა გიგლა მიქაუტაძემ.
მისი თქმით, მიმდინარე პროცესით მეორე ნეგატიური შედეგი ანაკლიის პორტს უკავშირდება, რომელიც ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია.
„ეს არის საუკუნის პროექტი, რომელსაც ჰყავს ძალიან ბევრი მოწინააღმდეგე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ. იმის მაგივრად, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ყველაფერს აკეთებდნენ, რათა ცივი ნიავი არ მიადგეს ამ პროექტს, რაღაც გაუგებარი ბრალდებებით გამოდის პროკურატურა და ჩირქს სცხებს ამ ბიზნესმენებს.
მაშინ როდესაც, დღეს მთელ მსოფლიოში ასეთ ძლიერ, ავტორიტეტულ ბიზნესმენებზე დგას ეკონომიკა, ამ ხალხის გამდიდრება ვიღაცას შეიძლება არ მოსწონს, მაგრამ სხვანაირად საბაზრო ეკონომიკა არ შენდება და ასეთ ადამიანებს უნდა გავუფრთხლდეთ. ეს არ ნიშნავს, რომ თუ დანაშაული ჩაიდინა, ვაპატიოთ. თუმცა, როდესაც დანაშაულის ნიშნებიც კი არ არსებობს, უკვე თავს დავესხათ, ეს გაუგონარი ამბავია“,- განაცხადა გიგლა მიქაუტაძემ.