პროკურატურამ გამოაქვეყნა წერილი, რომელიც მამუკა ხაზარაძის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ გიორგი გახარიასგან მიიღო. როგორც ხაზარაძემ განაცხადა, ამ წერილით გიორგი გახარია "რეპუტაციის დანგრევით" ემუქრებოდა.
როგორც წერილიდან ჩანს, მ.ხ. (სავარაუდოდ, მამუკა ხაზარაძე) მესამე პირშია მოხსენიებული. ამასთან დაკავშირებით, ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე აცხადებს, რომ წერილი შესაძლოა, მამუკა ხაზარაძეს საერთოდ არ მიუღია. მეტიც ანჯაფარიძე შუამავლის სავარაუდო ვინაობასაც ასახელებს.
„რატომ არის წერილში ხაზარაძე მოხსენიებული მესამე პირში, თუკი წერილი უშუალოდ მას გაუგზავნეს? ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ ეს "წერილი" გამიზნული იყო არა მამუკა ხაზარაძისთვის, არამედ იმისთვის, ვისაც ეკუთვნის (და ვინც აფინანსებს) „ტვ-პირველი“ და "არტარეა." სავარაუდოდ წერილი გაეგზავნა ავთო (ჭუტა) წერეთელს, რომელიც ხაზარაძისვე აღიარებით, არის მისი უახლოესი მეგობარი,“-წერს ანჯაფარიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.
რაც შეეხებ წერილს „ბიზნესპრესნიუსი“ მის შინაარს გთავაზობთ:
„დადასტურებულად ვიცით, რომ გვებრძვით და აქ საქმე არ ეხება მხოლოდ ფინანსებს. ჩვენ ვთქვით, რომ მზად ვართ მოლაპარაკებისთვის, თუმცა, თქვენი მხრიდან გრძელდება დესტრუქციული ქმედებები. ყველანაირი წინაპირობის გარეშე:
1 - უახლოეს 5 დღეში tv1 უნდა დაჯდეს „იმედის“ ტრენდზე, გადავიდეს მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე, (ეს უნდა დავინახოთ არხის სარედაქციო პოლიტიკიდან).
2 - მ.ხ.-მ უნდა გააკეთოს ოფიციალური განცხადება, რომ მისთვის მიუღებელია ნაციონალური მოძრაობის რევანში, ქართულ ბიზნესს კარგად ახსოვს, როგორ ექცეოდნენ მას "ნაციონალური მოძრაობის" პირობებში და რომ ამის გამეორება მიუღებელია. მან უნდა მოუწოდოს ბიზნესმენებს, მათ ვისაც მსგავსი პოზიცია აქვთ, გაერთიანდნენ და ერთობლივად იმოქმედონ (შემდეგ უკვე მისი ინტერპრეტაციაა შესაძლებელი).
3 - არტარეას უნდა დაეტყოს ობიექტურობის მაღალი ხარისხი.
ამ შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ ვაწარმოოთ ჯანსაღი მოლაპარაკებები ყველანაირი წინაპირობების გარეშე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ და ობიექტურ საშუალებას და გავაკეთებთ ამას საჯაროდ, შიდა და საერთაშორისო მომხმარებლებისთვის,“-წერია წერილში.
ცნობისთვის, ხაზარაძის თქმით, წერილი ორიგინალი ლონდონში ექსპერტიზაზე აქვს გადაგზავნილი.