„თიბისის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, გიორგი გახარიასგან გაგზავნილი მუქარისშემცველი წერილის ორიგინალი ლონდონში ექსპერტიზაზე აქვს გადაგზავნილი.
კონკრეტულად, რა ექსპერტიზა ჩაუტარდება წერილს ლონდონში - ამაზე „თიბისის“ დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ისაუბრა.
„ლონდონში წერილზე არსებული ანაბეჭდების ექსპერტიზა ტარდება, რომელიც შემდეგ გამოძიებას გადაეცემა. ლონდონში მოხდება ანაბეჭდის დაფიქსირება და არა რომელიმე სხვა ანაბეჭდთან მისი შედარება. უფრო კონკრეტულად, ლონდონის ექსპერტიზა დაადგენს არსებობს თუ არა მასზე საერთოდ ანაბეჭდები, რა ანაბეჭდებია და დააფიქსირებს მათ. შესაბამისად, ამის შემდეგ ადგილობრივ საგამოძიებო ორგანოს შესაძლებლობა ექნება ეს ანაბეჭდები ნებისმიერ სხვა ანაბეჭდებს შეადაროს,“-აღნიშნა ზვიად კორძაძემ.
მეტიც, როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ხაზარაძემ გუშინდელი გამოკითხვისას პროკურატურას არა მხოლოდ წერილი გადასცა, არამედ ისიც უთხრა, რომ მას ამ წერილის შესახებ ბიზნესმენებისა და ელჩებისთვისაც ჰქონდა ინფორმაცია მიწოდებული.
„მამუკა ხაზარაძემ პროკურატურას არამარტო გადასცა წერილი, არამედ ისიც უთხრა, რომ მას ამ წერილის შესახებ იანვარში ბიზნესმენთა შეკრებაზე ჰქონდა საუბარი, ასევე საუბარი ჰქონდა ელჩებთანაც. მისივე თქმით, ეს წერილი მან ნოემბერში მიიღო. შესაბამისად, ამ წერილის შინაარსი იციან ბიზნესმენებმა. დღეს პროკურატურა დაინტერესდა თუ ვინ არიან ეს ბიზნესმენები და კონკრეტულად ვინ ესწრებოდა შეხვედრას. ხაზარაძემ გამოძიებას მათი ვინაობაც დაუსახელა,“-განაცხადა კორძაძემ.