ვისაც წერილის ჭეშმარიტებაში ეჭვი ეპარება და ეჭვქვეშ აყენებს წერილის არსებობას ან „თიბისის“ წინააღმდეგ დანაშაულებრივი შეთქმულების ნაწილია, ან ხელს აფარებს „ქართულ ოცნებას“ და საქართველოს მთავრობას, ან კიდევაც უბრალოდ იდიოტია, სხვა ალტერნატივა არ არსებობს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარემ ფადი ასლიმ მამუკა ხაზარაძის მიერ პროკურატურაში წარდგენილი წერილის კომენტირებისას განუცხადა.
მისივე თქმით, ყველაფერი ნათელია და წერილში იყო პირობები, რომელიც მთავრობამ გადაუგზავნა ხაზარაძეს.
შეგახსენებთ, რომ მთავარმა პროკურატურამ "თიბისი ბანკის" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის მიერ პროკურატურისთვის გადაცემული წერილი გაასაჯაროვა, რომელშიც „ყველანაირი წინაპირობის გარეშე“ შესასრულებელ 3 სახის ულტიმატუმზეა საუბარი.
კერძოდ, წერილის მიხედვით, ყველანაირი წინაპირობის გარეშე: 1. უახლოეს 5 დღეში TV1 უნდა დაჯდეს TVიმედის ტრენდზე, გადავიდეს მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე (ეს უნდა დავინახოთ არხის სარედაქციო პოლიტიკიდან).
2. მ.ხ -მ უნდა გააკეთოს ოფიციალური განცხადება, რომ მისთვის მიუღებელია „ნაციონალური მოძრაობის“ რევანში. ქართულ ბიზნესს კარგად ახსოვს, როგორ ექცეოდანენ მას „ნაციონალური მოძრაობის“ პირობებში და რომ ამის გამეორება მიუღებელია. მან უნდა მოუწოდოს ბიზნესმენებს, მათ, ვისაც მსგავსი პოზიცია აქვთ, გაერთიანდნენ და ერთობლივად იმოქმედონ (შემდეგ უკვე მისი ინტერპრეტაციაა შესაძლებელი).
3. არტარეას უნდა დაეტყოს ობიექტურობის მაღალი ხარისხი.
ამ შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ, ვაწარმოოთ ჯანსაღი მოლაპარაკებები ყველანაირი წინაპირობის გარეშე.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ და ობიექტურ საშუალებას და გავაკეთებთ ამას საჯაროდ შიდა და საერთაშორისო მომხმარებლებისთვის,“ - ნათქვამია წერილში, რომელსაც პროკურატურა აქვეყნებს.