სტიქიური, ჰიდროლოგიური და გეოლოგიური მოვლენების ადრეული გაფრთხილების სისტემების შექმნისა და სტიქიური რისკების შეფასების პროექტის ბიუჯეტი 32 მლნ დოლარია, ეს თანხა ქვეყანამ გრანტის სახით მიიღო, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა პროექტის დეტალებზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ასეთი მასშტაბური პროექტი კლიმატური საფრთხეების პრევენციის კუთხით ქვეყანას არ ჰქონია.
როგორც თანდილაშვილმა აღნიშნა, პროგრამისთვის, რომელიც სტიქიური მოვლენების პრევენციის საშუალებას იძლევა, „კლიმატის მწვანე ფონდმა“ 27 მილიონიანი გრანტი გამოყო, 5 მილიონი კი შვეიცარიის მთავრობის მიერ ფინანსდება. ეს თანხა აღჭურვილობის შეძენას და კადრების გადამზადებას მოხმარდება.
„პროექტი შვიდწლიანია. ამ პერიოდის შემდეგ, მისი წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, დაახლოებით 1,4 მლნ ადამიანი უკეთ იქნება დაცული კლიმატური საფრთხეებისგან ვიდრე ეს არის დღეს. საქართველოში გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე საკმაოდ ხშირია ბუნებრივი პროცესების გააქტიურება და არაერთმა მოვლენამ ცხადყო, რომ საჭიროა ქვეყანაში არსებობდეს რისკების პრევენციის სისტემა. დღესდღეობით სტიქია რომ მოხდება, მერე ვაკეთებთ რეაგირებას. განვითარებულ ქვეყანებში კი პირიქითაა, შექმნილია შესაბამისი გაფრთხილების სისტემები, რომელთა მეშვეობითაც რისკების წინსწრებით დადგენა ხდება და შესაბამისი უწყებების კოორდინირებული მუშაობით, ხერხდება მათი პრევენცია“, - განაცხადა თანდილაშვილმა.
თანდილაშვილის განმარტებით, არსებობს კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომელიც რეგიონების მიხედვითაა გაწერილი. ყველა რეგიონში ჩატარდება დეტალური გეოლოგიურ- მეტეოროლოგიური მონიტორინგი და ამასთან, შესაძლებელი იქნება ჰიდროლოგიური საფრთხეების დადგენა.
„წელს პროექტი დაიწყება აჭარის რეგიონიდან და ამ რეგიონს სრულად მოვიცავთ. გაკეთდება მაღალი სიზუსტის გეოლოგიური და ჰიდროლოგიური რუკები. მოხდება საფრთხეების დეტალური შესწავლა და მოდელირების სისტემის განთავსება. დღესდღეობით უკვე გვაქვს ორი თანამედროვე გაფრთხილების სისტემა მდინარე ვერეს აუზში და დევდორაკის ხეობაში. ასეთი სისტემები იქნება საქართველოს ყველა იმ მდინარის აუზში, სადაც სტიქიის მაღალი რისკია. ამასთან, სისტემების დამონტაჟებასთან ერთად ჩატარდება ნაპირსამაგრი სამუშაოები და განვითარდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რაც მოსახლეობის დაცვას უზრუნველყოფს“, - განაცხადა თანდილაშვილმა.
მინისტრის მოადგილის თქმით, სისტემის ფარგლებში სიახლეა ის, რომ მოხდება მყინვარული პროცესების შესწავლა და ამ მხრივ არსებული საფრთხეების იდენტიფიცირება, ამას გარდა იგეგმება თანამშრომლობა უმაღლეს სასწავლებლებთან და ახალგაზრდების დასაქმება.
„პროექტი მოიცავს კადრების გადამზადებას, რათა მათ ახალი ტექნოლოგიების გამოყენება შეძლონ, ასევე იგეგმება ახალგაზრდა სპეციალისტების დასაქმება. გეოლოგები, ჰიდროლოგები, მეტეოროლოგები, რომლებიც სხვადასხვა უნივერსიტეტებში სწავლობენ, პროგრამის ფარგლებში კვალიფიციური სპეციალისტების დახმარებით მიიღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას და დასაქმდებიან. შვიდი წლის შემდგომ საქართველოს უნდა ჰქონდეს გამართული, თანამედროვე, ევროპულ სტანდარტებზე დაფუძნებული ადრეული გაფრთხილების სისტემა, რომელიც სტიქიური პროცესების რისკების პრევენციის აპრობირებული მეთოდია მსოფლიოში“, - განაცხადა თანდილაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სტიქიური, ჰიდროლოგიური და გეოლოგიური მოვლენების ადრეული გაფრთხილების სისტემების შექმნისა და სტიქიური რისკების შეფასების პროექტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას დააანონსა და განაცხადა, რომ პროექტი მიმდინარე წელს დაიწყება.