2019 წლის 1-ლი აპრილიდან ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია აიკრძალება. როგორც მწარმოებლების ნაწილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, აღნიშული რეგულაცია მთლიანად გააჩერებს ქართულ წარმოებას და 5200 კაცი უმუშევარი დარჩება. ამასთან, ქვეყანაში მხოლოდ იმპორტრებული ბიოდეგრადირებადი პარკები შემოვა, რაც ბაზარზე არსებულ მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს. შესაბამისად, პროდუქტის ფასიც ძვირი იქნება.
შეგახსნებთ, რომ საქართველოს მთავრობის ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, 2018 წლის 1-ლი ოქტომბრიდან 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია უკვე აიკრძალა.
ამავე რეგლამენტის მიხედვით, 1-ლი აპრილიდან სრულად აიკრძალება ოქსოდეგრადირებადი პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია.
კოდექსის მიხედვით რეგულირების წესის დარღვევა გამოიწვევს მეწარმე სუბიექტის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციით. განმეორებით ჩადენილი ქმედება კი გამოიწვევს მეწარმე სუბიექტის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ამ შემთხვევაშიც შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციით.
რა შედეგი მოიტანა 1-ლი ოქტომბრიდან ამოქმედებულმა რეგულაციამ და რა გეგმები აქვთ მწარმოებლებს უკვე 1-ლი აპრილიდან, „ბიზნესპრესნიუსი“ პლასტიკის პარკების რამდენიმე მწარმოებელს ესაუბრა. მათი უმეტესობა აცხადებს, რომ 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პოლიეთილენის აკრძალვა საწარმოებს წაადგა, რადგან პარკის მოცულობის ზრდით, წარმოება და შესაბამისად, მოგება გაიზარდა.
თუმცა, რაც შეეხება პოლიეთილენის პარკების სრულად აკრძალვას, კომპანიები აცხადებენ, რომ ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოებაზე გადასვლას დრო სჭირდება, რომელიც მათ არ ქონიათ, შესაბამისად, გაჩერება მოუწევთ.
„15 მიკრონამდე პარკების გასქელება მწარმოებლებისთვის რთული საქმე არ იყო, არც ეკონომიკური ზარალი მოუტანია. პირიქით, მოგება გაიზარდა, რადგან მეტი ნედლეულის გამოყენება გვიწევს, მაგალითად, თუ 15 მიკრონამდე პარკის წარმოებისას, მილიონი ერთეული დამზადებას 10 ტონა ნედლეული სჭირდებოდა, ახლა იგივე რაოდენობა 15 ტონას მოითხოვს. შესაბამისად, პროდუქტიც უფრო ძვირი ღირს. ეს ჩვენთვის იყო კარგი შედეგი, რასაც 1-ლი აპრილიდან ასამოქმედებელ რეგულაციაზე ნამდვილად ვერ ვიტყვი“,- აცხადებს პოლიეთილენის მწარმოებელი კომპანია „აა პლასტის“ გენერალური დირექტორი ლევან ბიწაძე.
მისი ინფორმაციით, რეგულაციის მიღებამდე საუბარი არ ყოფილა პოლიეთილენის პარკების სრულ აკრძალვაზე და მწარმოებლებმა ამის შესახებ მხოლოდ კანონში ჩანაწერის გაკეთების შემდეგ შეიტყვეს.
როგორც ლევან ბიწაძე აღნიშნავს, ამის გამო კომპანიებს ბიოდეგრადირებადი პროდუქტის დასამზადებლად საჭირო დანადგარებზე გადაიარაღების დროც კი არ ჰქონიათ.
„ბიოდეგრადირებად პარკებზე გადასვლა ძალიან რთული საკითხია როგორც ტექნიკურად, ისე ფინანსურად. როდესაც ამაზე მსჯელობა დაიწყო, ჩვენ შეხვედრები გვქონდა გარემოს დაცვის სამინისტროში, სადაც ითქვა, რომ 1-ლი ოქტომბრიდან აიკრძალებოდა 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკები, ხოლო 1-ლი იანვრიდან 50 მიკრონზე ნაკლები სისქის. მეწარმეებს ამის საწინააღმდეგო არაფერი გვქონია, პირიქით, ჩვენთვის მომგებიანიც იყო. მოგვიანებით, 1-ლი ოქტომბრის დადგენილებაში კი ჩაგვიწერეს, რომ სრულად უნდა აიკრძალოს და ბიოდეგრადირებადმა ჩაანაცვლოს. ჯერ ერთი, ბიოდეგრადირებადი არასწორი განმარტებაა, რადგან სინამდვილეში საუბარია, კომპოსტირებად პარკებზე. ბიოდეგრადირებადი არის ქაღალდისგან, ბალახისგან და აშ. ნედლეულისგან დამზადებული, ხოლო კომპოსტირებადი არის მაგალითად, სიმინდის ან სხვა მარცვლეული კულტურის დამჟავებით მიღებული წებოგვარისგან დამზადებული პარკი. ეს ჩვენთვის ტექნიკურადაც და ნედლეულის თვალსაზრისითაც თითქმის, შეუძლებელი იყო, რადგან დიდი დრო სჭირდება გადაიარაღებას. ამასთან, კომპოსტირებადი მასალის დეფიციტია. მთელი ევროპა კი გადადის ამაზე, მაგრამ, ეს ხდება ეტაპობრივად. გარდა ამისა, ევროპაში გამოიყენება როგორც პოლიეთილენის, ისე ბიოპარკები და მომხმარებელი თავად ირჩევს მისთვის სასურველს“,-აცხადებს ლევან ბიწაძე.
მისი თქმით, მსგავსი აკრძალით მხოლოდ ბიოდეგრადირებადი პროდუქციის იმპორტიორები იმუშავებენ, ხოლო ქართული საწარმოები გაჩერდება. ამასთან, როგორც ლევან ბიწაძე აღნიშნავს, მხოლოდ იმპორტიორებისგან შემოტანილი პროდუქტი ბაზარზე მიწოდებას ვერ დააკმაყოფილებს.
„ეს გამოიწვევს იმას, რომ მთლიანად გაჩერდება ქართული წარმოება, 5200 კაცი დარჩება სამსახურის გარეშე და იმუშავებენ მხოლოდ იმპორტიორები. რაც ბაზარის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს. წარმოიდგინეთ, სუპერმარკეტებში განთავსებული ყველა პროდუქტი პლასტიკის პარკშია შეფუთული და ეს ყველაფერი უნდა ამოვარდეს წარმოებიდან. ეს კანონი პირდაპირ არის იტალიის კანონმდებლობიდან გადათარგმნილი, მაგრამ ყველა მუხლი არ არის გათვალისწინებული. იტალიის კანონმდებლებმა 3 წელი და დოტაციები მისცეს თავის მწარმოებლებს. მე ჩემი წარმოება რომ გადავაკეთო, დაახლოებით, 200 000 დოლარი მჭირდება“,- აცხადებს ლევან ბიწაძე.
როგორც „აა პლასტის“ გენერალური დირექტორი აცხადებს, გადაიარაღებისთვის კომპანიას სავარაუდოდ, 2 წელი მაინც დასჭირდება, ამიტომ, თანამშრომლების დათხოვნა მოუწევს.
„1-ლი აპრილიდან, თანამშრომლების 80% უნდა გავუშვა. კი დავიწყე საწარმოს გადაიარაღება, მაგრამ წარმოების რეჟიმში ჩაჯდომას ალბათ, 2 წლის შემდეგ შევძლებ“,-აცხადებს ლევან ბიწაძე.
რეგულაციებზე მორგებას ცდილობს „პოლიმედისტრიბუშენის“ დირექტორი დავით პატარიძე. თუმცა როგორც ის „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, ნედლეულის დეფიციტიდან გამომდინარე, პროდუქტის ფასი გაცილებით ძვირი იქნება.
„ოქტომბრიდან ამოქმედებული რეგულაცია მისაღები იყო, რადგან 15 მიკრონამდე სისქის პარკები სქელმა ჩაანაცვლა. გარდა ამისა, პროდუქტი აღარ არის ისეთ მსუბუქი, რომ გარემო დაანაგვიანოს, ქარს აღარ გადააქვს და ა.შ. რაც შეეხება 1-ლი აპრილიდან ასამოქმედებელ რეგულაციას, მიმაჩნია, რომ არასწორია, რადგან ჩვენ პროდუქციას ბუოდეგრადირებად დანამატს ისედაც ვუკეთებთ და 6-დან 3 წლამდე ვადაში ისიც იხრწნება.
ახლა გვიწევს მოვეგროთ რეგულაციებს და ბიოდეგრადირებადი პარკებისთვის საჭირო გარკვეული რაოდენობის ნედლეულიც შემოვიტანეთ, მაგრამ მისი წარმოება 4-5ჯერ ძვირი ჯდება. შესაბამისად, გაძვირდება პროდუქტის ფასიც. თუ დღეს პოლიეთილენი 10 თეთრი ღირს, ის დაჯდება 30-50 თეთრი. ანუ ეს ყველაფერი ისევ ჩვეულებრივ მოქალაქეებზე გადაივლის და მათ ჯიბეზე აისახება. თორემ, ჩვენ, რისი მოთხოვნაც იქნება, იმას ვაწარმოებთ“,- აცხადებს დავით პატარიძე.