დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, პარლამენტის წევრი ბექა ოდიშარია თაბორის მთაზე სასტუმროს ვერ ააშენებს. დეპუტატი დაბალი ინტენსივობის მქონე სასტუმროს აშენებას თბილისის ისტორიულ უბანში „ხარფუხში“, ბერძნის ქ N39-ში გეგმავდა.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, ფლობს თუ არა რაიმე ბიზნესს პარლამენტის წევრი ბექა ოდიშარია ან როგორია მისი ფინანსური მდგომარეობა.
2019 წლის 31 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ოდიშარია ფლობს: 196 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს თბილისში, ბერძნის ქ N38-ის მიმდებარედ, საცხოვრებელ სახლს დიდველში; 45 კვ. მეტრის ფართობის მიწის ნაკვეთს ბათუმში; 400 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთს სოფელ მცხეთასა და 735 კვ. მეტრის ნაკვეთს სოფელ წიწამურში.
მის საკუთრებაშია ასევე: 1 500 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთი დაბა ლილოში; 205,5 კვ. მეტრის საცხოვრებელი სახლი დაბა ბაკურიანში; იმავე მისამართზე მდებარე 600 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთი. გარდა ამისა ფლობს, სამ ბინასა და ერთ სახლს დედაქალაქში, იმ კონკრეტულ ქუჩაზე, სადაც სასტუმროს მშენებელობას გეგმავდა. მის საკუთრებაშია იმავე მისამართზე მდებარე ოთხი სამეურნეო ფართი და 3 284 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი.
მასვე ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილები - TOYOTA LANDCRUIZER, LEXUS და RANGE ROVER EVOQUE. მის საკუთრებაშია ასევე - 43 ფერწერული ტილო, აქედან 2 მემკვიდრეობით აქვს მიღებული, ხოლო დანარჩენში გადახდილი თანხა ჯამში 81,500 ლარს შეადგენს. დეკლარაციის შევსების მომენტში პარლამენტის წევრი ფლობდა ასევე სს „ბათუმი ბულვარ საიდის“ ჯამში 59 ფასიან ქაღალდს.
რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში ოდიშარიას სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე 135,774 ლარი; ნაღდი ფულადი თანხის სახით კი 10 000 ლარი ჰქონდა. ამასთან, მისმა როგორც პარლამენტის წევრის შემოსავალმა 58 215 ლარი შეადგინა.
პარლამენტის წევრი ბექა ოდიშარია, მამასთან, მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად ცხოვრობს. დეკლარაციის შევსების მომენტში მამამისს ნაღდი ფულადი თანხის სახით 20 000 დოლარი ჰქონდა; მისმა გასული წლის შემოსავალმა კი საზოგდოებრივ მაუწყებელში მუსიკათმცოდნედ მუშაობისას - 14 400 ლარი; ხოლო მეუღლის შემოსავალმა - შპს სამშენებლო კომპანია „ანაგის“ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე - 33 075 ლარი შეადგინა.