პენიტენციურ სისტემაში წვევამდელთა ინსტიტუტი სრულად გაუქმდება.
აღნიშნულს პენიტენციურ სისტემაში სავალდებულო სამხედრო სამსახურის წესების რეფორმა გულისხმობს.
რეფორმის თანახმად, პენიტენციურ სისტემაში წვევამდელთა ინსტიტუტი საერთოდ გაუქმების პარალელურად, სისტემა ეტაპობრივად გადავა საკონტრაქტო სამხედრო სამსახურზე.
შედეგად, ყველა ახალ დაწესებულებაში, რომელიც ლაითურში, რუსთავში ქსანში უნდა გაიხსნას და მშენებლობები მიმდინარეობს ან სამუშაოების დაგეგმვის პროცესშია, უკვე ახალი სისტემა იქნება და გარე პერიმეტრს დაიცავენ არა წვევამდელები, არამედ კონტრაქტით დასაქმებული პირები, რაც შეეხება 15 მოქმედ დაწესებულებას, იქ ძველი, მოქმედი სისტემა ახლით ეტაპობრივად შეიცვლება.
როგორც პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რეფორმის შედეგად, მოიხსნება ის დისკომფორტი, რაც წვევამდელებს ამ სისტემაში სამსახურის გავლის დროს აქვთ. მისივე თქმით, მეტი აქცენტი გაკეთდება, რომ წვევამდელებმა იმსახურონ იმ უწყებებში, რომლებიც უფრო მეტად მოემსახურება თავდაცვის, სამხედრო და უსაფრთხოების მიზნებს.