თევზის პროდუქტების მწარმებელ კომპანია „უმალს“ პროდუქტის გადაადგილება ისევ შემოვლითი გზით უწევს - გზების დეპარტამენტმა წარდგენილი პროექტი დაიწუნა. საუბარია, თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის იმ მონაკვეთზე, სადაც შპს „ახალი თევზია“ განთავსებული, საწარმოსთან მისასვლელი გზა კი პირდაპირ მაგისტრალიდანაა გაჭრილი. სწორედ უკანონო დაერთების მიზეზით, საგზაო დეპარტამენტმა „უმალს“ გზა გადაუკეტა, რამაც წარმოება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.
როგორც „უმალის“ აღმასრულებელი დირექტორი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, საგზაო დეპარტამენტმა პროექტი იმ მოტივით დაიწუნა, რომ „პრეცენდენტი მხოლოდ ერთი კომპანიისთვის ვერ დაიშვება“. თავად უწყებაში კი განმარტავენ, რომ წარდგენილი პროექტი უსაფრთხოების ნორმებს ვერ აკმაყოფილებდა.
აღნიშნული პრობლემის შესახებ „ბიზნესპრესნიუსი“ რამდენიმე თვის წინ წერდა. მაშინ საწარმოს დირექტორი დიტო წვერავა აცხადებდა, რომ გზის გადაკეტვიდან მალევე, შპს-მ საავტომობილო გზების დეპარტამენტს ე.წ . ჯიბის პროექტი გადაუზავნა, რომლის განხორციელების შემთხვევაში (კომპანია ხარჯებს საკუთარ თავზე იღებდა) მოძრაობას საფრთხე აღარ შეექმნებოდა, თუმცა უწყებიდან პასუხს აგვიანებდნენ. მოგვიანებით დიტო წვერავამ „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, რომ უწყება პრობლემის მოგვარებას თებერვლის ბოლოს დაპირდა.
როგორც „უმალის“ აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, ცენტრალური გზიდან საწარმომდე 200 მეტრია გასავლელი და ფაქტობრივად, ენთუზიაზმზე, ხელითა და პატარა მანქანებით უწევთ პროდუქციისა და ნედლეულის გადატანა.
„ჩვენ კიდევ წარვადგინეთ პროექტი, რომელიც თავად საგზაოს სპეციალისტებს შევადგენინეთ. თუმცა, ახლა უკვე წამოიჭრა ასეთი საკითხი, გვითხრეს, რომ რაც მაგისტრალი გაიხსნა, ასეთი პრეცენდენტი არცერთი კომპანისთვის არ დაგვიშვია და ვერც ახლა დავუშვებთო. უარი გვითრეს, მაგრამ კიდევ ეძებენ ალტერნატივას.
რაც შეხება წარმოებას, გვინდა გაფართოვებაც და პროდუქციის დამატებაც, მაგრამ ამ ეტაპზე ჯერ ვერაფერს ვამბობ. მე მაინც იმედი მაქვს, რომ რამე მოხერხდება, რადგან მაგისტრალთან კიდევ 3 საწარმო შენდება და მხოლოდ ჩვენი კომპანია არ იქნება, ვისთვისაც ასეთ პრეცენდენტს დაუშვებენ“,- აცხადებს დიტო წვერავა.
მისი თქმით, თუ აღნიშნული პროექტი არ დამტკიცდა, საგზაო დეპარტამენტი შემოვლითი გზის გაფართოვებას და მოასფალტებას დაპირდა, რაც კომპანიისთვის დიდად ხელსაყრელი არ არის, თუმცა მეტი გამოსავალი არ რჩება.
„არ ვიცი, ეს რამდენად მოხერხდება, რადგან ეს გზა 2 კილომეტრზე მეტია და ამასთან, დიდ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული. ამ ვითარებაში, პროდუქციის გადასაადგილებლად საკამოდ დიდი ხარჯების გაწევა გვიწევს, მაგრამ მაინც ვცდილობთ, რომ ეს წარმოებაზე არ აისახოს“, -აცხადებს დიტო წვერავა.
რაც შეეხება საავტომობილო გზების დეპარტამენტის პოზიციას, უწყებაში აცხადებენ, რომ კომპანიის მიერ წარდგენილი პროექტი უსაფრთოების ნორმებთან წინააღმდეგობაში იყო, შესაბამისად, ვერ განხორციელდება.
„ჩვენი ხელმძღვანელი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა კომპანიის წარმომადგენლებს და კიდევ აერთხელ აუხნა, რომ ვერცერთ ორგანიზაციას ვერ მივცემთ საგზაო უსაფრთოების ნორმების დარღვევის უფლებას. პროექტი, რომელიც შემოგვთავაზეს, ითვალისწინებდა დამაჩქარებლებისა და შემანელებლების დამონტაჟებას, რაზეც ეთქვათ უარი, რადგან ეს არღვევს საგზაო უსაფრთხოების წესებს. ზუსტად იმ ადგილას გამოდის მრუდე, სადაც მათ უნდათ, რომ სატვირთო მანქანები ამოძრაონ. მხოლოდ ეს იყო უარის მიზეზი და არა ის, რომ მსგავსი პრეცენდენტი ვერ დაიშვება. კომპანიას უკვე მიეცა შიდა გზებზე მოძრაობის სქემა და შეუძლიათ ოდნავ უფრო გრძელი მარშრუტით გადაადგილდნენ“,-აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
ცნობისთვის, შპს „ახალი თევზი“ „ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში შეიქმნა და ის „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის" ბენეფიციარია. კომპანია ამ დროისთვის 4 დასახელების თევზის სალათს, ზუთხს, კალმახს, მიდიებსა და აშ. აწარმოებს. განსაკურებით ნოვატორული იყო კომპანიის მიერ წარმოებული თევზის ხინკალი, პილმენი, კატლეტი და ბლინი, რომელიც ბაზარზე „უმალის“ ბრენდით იყიდება.