თბილისში ახალი პროექტის მშენებლობა იგეგმება.
საუბარია მრავალფუნქციურ კომპლექსზე, რომლის აშენებაც ვაკეში, ძველი სტუდქალაქის ტერიტორიაზე იგეგმება.
თუმცა ამ ეტაპზე განაცხადი განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცებაზეა შეტანილი. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურში მიმდინარეობს წარმოება, აღნიშნულთან დაკავშირებით, თუმცა ამ ეტაპზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
პროექტის განხორციელებას შპს „დეველოპმენტი ჭავჭავაძეზე“ აპირებს. კომპლექსში გათვალისწინებულია შემდეგი ფუნქციური სახეობების განვითარება - საცხოვრებელი; სასტუმრო; კომერციული; საზოგადოებრივი თავშეყრის; გასართობი; სპორტულ-გამაჯანსაღებელი და აღნიშნული სახეობებისთვის საჭირო დამხმარე ფუნქციების განვითარება; ასევე საპროექტო არეალის ფარგლებში მდებარე სარეკრეაციო სივრცეების კეთილმოწყობა-გაჯანსაღება.
ამასთან, იგეგმება საპროექტო კომპლექსის სრულყოფილი, შიდა კვარტალური სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დაგეგმარება და მისი ინტეგრირება ქალაქის ქუჩათა ქსელში.