„რუსთაველისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგიროს პროექტთან დაკავშირებით მესაკუთრებთან მიდის მოლაპარაკებები“ - ამის შესახებ დედაქალაქის ვიცემერმა ირაკლი ხმალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეოდიალოგის მიმდინარეობისას მოქალაქის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„საბაგირო პროექტთან დაკავშირებით, რომელიც რუსთაველს მთაწმინდასთან დააკავშირებს, მიმდინარეობს მესაკუთრეებთან მოლაპარაკებები. ძირითადად თითქმის ყველასთან შეთანხმება უკვე მიღწეულია. პარალელურად მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები და როგორც კი ამ გამოსყიდვებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დასრულდება, ამ სამშენებლო სამუშაოების დაკონტრაქტება მოხდება.
ჩვენც ძალიან ვჩქარობთ ამ პროექტის განხორციელებას, რადგან საბაგირო მთაწმინდის პარკთან დამაკავშირებელი საკმაოდ მნიშვნელოვანი ტრანსპორტი იქნება და უმოკლეს დროში განხორციელდება. რაც მთავარია ამასთან დაკავშირებით მიმდინარე წელს საჭირო სახსრები უკვე მობილიზებულია, თანხები სატრანსოპრტო კომპანიის ბიუჯეტშია გამოყოფილი და კომპანია სამუშაოების დასაწყებად მზად არის,“- აღნიშნა ხმალაძემ.
შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზის აღდგენაზე საუბარი ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყო. მას შემდეგ საბაგიროს ამოქმედების თარიღი რამდენჯერმე გადავადდა. პროექტის თანახმად, საბაგიროს ერთი სადგური - რუსთაველზე, მეცნიერებათა აკადემიის ეზოში, მეორე კი მთაწმინდის პარკში უნდა მოეწყოს.
ცნობისთვის, მთაწმინდის ამ მარშრუტის საბაგირო 1990 წლიდან აღარ ფუნქციონირებს. მას შემდეგ, რაც 1 ივნისს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო 20 ადამიანი გარდაიცვალა, 15 კი დაშავდა. იმ დღეს მგზავრების ნაწილი ახალციხიდან ფუნიკულიორის დასათვალიერებლად ექსკურსიაზე ჩამოსული ბავშვები, ნაწილი კი ჯარისკაცები იყვნენ. ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრე, სტანდარტული საბჭოთა ოვალური გონდოლები, ყოველგვარი უსაფრთხოების ზომების გათვალისწინების გარეშე, უფრო დიდი ფინური გონდოლებით შეცვალეს, რომლებიც საბაგიროზე არსებულ საავარიო სამუხრუჭე სისტემას არ შეესაბამებოდა, ასევე ვაგონების ზომა და ტევადობა მათ წინამორბედებს აღემატებოდა.