პირებმა, რომელთა წლიური შემოსავალი  40 ათასიდან 60 ათას ლარამდეა, შესაძლოა, ქონების გადასახადი აღარ გადაიხადონ

პირებმა, რომელთა წლიური შემოსავალი 40 ათასიდან 60 ათას ლარამდეა, შესაძლოა ქონების გადასახადი აღარ გადაიხადონ.

ამის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში უკვე წარდგენილია.

საკანონმდებლო წინადადების ავტორი და ინიციატორი პარლამენტის წევრი გიორგი წერეთელია. კანონპროექტით, რომელიც საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანას გულისხმობს, ქონების გადასახადისგან განთავისუფლებული ოჯახის შემოსავლის ზღვარი 40 ათასი ლარიდან 60 ათას ლარამდე აიწევა.

როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, კანონპროექტის მიღება ემსახურება იმ ადამიანებისთვის ყოფის შემსუბუქებას, რომელთაც ცხოვრება გაუძვირდათ და ამავე დროს უწევდათ ქონების გადასახადის გადახდა, რადგან მათი შემოსავალი უცვლელი დარჩა ან მცირედით გაიზარდა და წელიწადში 40 ათას ლარზე მეტს და 60 ათას ლარზე ნაკლებს შეადგენს.

„კანონპროექტის მიღების შედეგად ის პირები, რომელთა წლიური შემოსავალი შეადგენს 40 ათას ლარზე მეტს და 60 ათას ლარზე ნაკლებს, აღარ დაიბეგრებიან ქონების გადასახადით. ის ზღვარი (40 ათასი ლარი), რომელიც არსებობდა გაიზრდება 60 ათას ლარამდე. ეს საშუალებას მისცემს ათასობით ადამიანს შეუმცირდეთ სამთავრობო ბეგარა და ამით დააბალანსონ ის ზარალი, რასაც ნახულობენ გაუფასურებული ლარით, გაზრდილი საწარმოო ფასებით და მაღალი ინფლაციით.

ქონების გადასახადიდან მიღებული შემოსავლები არ მიდის სახელმწიფო ბიუჯეტში. იგი მიდის ადგილობრივ ბიუჯეტში. შესაბამისად, პროექტს გავლენა ექნება ნაერთ ბიუჯეტზე. კერძოდ, ფიზიკურ პირთა ქონებაზე გადასახადიდან მიღებულმა შემოსავალმა 2018 წელს შეადგინა 25 მლნ ლარი, ხოლო სასოფლო და არასასოფლო სამეურნეო მიწაზე ქონების გადასახადმა, რომელსაც იხდიან ფიზიკური პირები, შეადგინა 23.2 მლნ ლარი.

ვინაიდან, არ არსებობს საჯარო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენი ლარია 40-დან 60 ათას ლარამდე შემოსავლიანი ოჯახების მიერ გადახდილი ქონების გადასახადი, ამიტომ, შეიძლება გარკვეული დაშვებების გაკეთება.

დაშვება N1: კანონპროექტი ვერ მოახდენს 48.2 მლნ ლარზე მეტის დანაკლისის შეტანას ბიუჯეტში;

დაშვება N2: ვინაიდან, 40-დან 60 ათასამდე შემოსავლის მქონე პირების რაოდენობა შეადგენს 22.3 ათასი ადამიანს, ხოლო 40 ათას ლარზე მეტი წლიური შემოსვლის მქონე პირების რაოდენობა არის 45.5 ათასი ადამიანი (შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად), 40-დან 60 ათას ლარამდე ადამიანები შეადგენენ 49%-ს 40 ათას ლარზე მეტი შემოსავლის მქონე ადამიანებისას.

თუ დავუშვებთ, რომ იგივენაირი გადანაწილებაა შინამეურნეობების შემოსავლებში და მათ მიერ გადახდილ ქონების გადასახადში, მაშინ ზემოთხსენებული 48.2 მლნ ლარის 49% იქნება 23.7 მლნ ლარი. ეს კი შეგვიძლია განვიხილოთ ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის მოსალოდნელ დანაკლისად კანონპროექტის მიღების შემთხვევაში,“-აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის თანახმად, ცვლილება 2020 წლის 1-ლი იანვრიდან უნდა ამოქმედდეს.

თაია არდოტელი