დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია იღებს პასუხისმგებლობას, რომ კონკრეტულ ლოკაციებზე ელექტროდამტენები საცხოვრებელ სახლებთან ანაზღაურების გარეშე დამონტაჟდება.
მისი თქმით, მერიაში ელექტროენერგიის საცხოვრებელ სახლამდე მიყვანის შესახებ 59 მოთხოვნაა შესული და ამ პროექტის განხორციელება უახლოეს ხანში მოხდება.
"გამოცხადებული გვქონდა ინტერესთა გამოხატვა და გვყავს გამარჯვებული კომპანია, რომელიც იღებს ამ ვალდებულებას და პასუხისმგებლობას, რომ ელექტროდამტენები იყოს დამონტაჟებული კონკრეტულ ადგილებზე, სადაც იყო მოთხოვნა,“-აღნიშნა კალაძემ.
როგორ მან აღნიშნა, "ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ამ პროექტის განხორციელებისას არის ის, რომ ელექტროენერგიის მიყვანა მოხდეს იმ კონკრეტულ ლოკაციაზე, სადაც ეს პრობლემა არსებობს".
ამასთან, კალაძის თქმით, საცხოვრებელ სახლებთან ელექტროდამტენებს კომპანია „ქართლი ენერჯი“ დაამონტაჟებს.
„ქართლი ენერჯის“ 100%-იანი წილის მფლობელი შპს „ბიგ სერვისია“. თავის მხრივ „ბიგ სერვისის“ 20%-იანი წილი - რუსეთის მოქალაქე ანდრეი პაუკს; 10%-იანი - ასევე რუსეთის მოქალაქე თეიუბ კაფაროვს; 12.5%-12.5%-იანი წილები უზბეკეთის მოქალაქეებს - რახმათილა იკრამოვსა და სათულა იკრამოვს; ასევე ამ ქვეყნის მოქალაქეებს თემურ ალიმოვსა და უმარ ალიმოვს - 10%-10%-იანი; 25% კი საქართველოს მოქალაქე დიმიტრი აბდუშელიშვილს ეკუთვნით.