გასულ თვეში საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებიდან ყველაზე ხშირად გერმანიაში მიემგზავრებოდნენ.
ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს 2019 წლის თებერვლის სტატისტიკაშია ასახული.
კერძოდ, თებერვალში გერმანიაში საქართველოს მოქალაქეთა გასვლების რაოდენობა - 5 112 იყო. მას მოსდევს პოლონეთი, სადაც - 3 198 გამგზავრება ფიქსირდება; მე-3 ადგილზე კი - 2 994 გასვლით საბერძნეთია.
რაც შეეხება ქვეყნების ტოპ-სამეულს, სადაც თებერვალში საქართველოდან ყველაზე იშვიათად მიემგზავრებოდნენ, ასე გამოიყურება: შვეიცარია - 3 გამგზავრება; სლოვენია - 7 და ბულგარეთი - 89 გამგზავრება.
სტატისტიკა 18 ქვეყანას მოიცავს და აღსანიშნავია, რომ აქედან მხოლოდ ოთხ ქვეყანაში არ ფიქსირდება უარი საზღვრის კვეთაზე. ეს ქვეყნებია: ბელგია (გაემგზავრა - 218); რუმინეთი (გაემგზავრა - 119); შვეიცარია - (გაემგზავრა - 3) და სლოვენია (გაემგზავრა - 7).
რაც შეეხება შენგენის ზონის ქვეყნებში შესვლაზე უარის თქმის მაჩვენებლებს, ჯამში ასეთი 14 ქვეყანა იყო. ყველაზე მეტი - 37 უარი წინა თვეში საქართველოს მოქალაქეებს საფრანგეთში უთხრეს. მას მოსდევს იტალია - 34 უარით, მე-3 ადგილზე კი კვიპროსია, სადაც თებერვალში 33 უარი დაფიქსირდა.