ობიექტებს პოლიეთილენის პარკების ამოყიდვისთვის ვადა არ მიეცემათ - ამის შესახებ, ნარჩენების და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის სამმართველოს უფროსმა ქრისტინე ვარდანაშვილმა რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
„ტექნიკური რეგლამენტი გადავადებას ან ნაშთების ამოყიდვას არ ითვალისწინებს. რეგლამენტი 14 სექტემბერს არის მიღებული და იქიდან მოყოლებული ყველამ იცოდა, რომ 2019 წლის 1-ლი აპრილიდან პლასტიკის პარკების რეალიზაცია, წარმოება და იმპორტი სრულად აიკრძალებოდა. შესაბამისად, ბიზნესი ამ რეგულაციას მომზადებული უნდა შეხვედროდა.
თუმცა, მინდა გითხრათ, რომ პოლიეთილენის პარკების ექსპორტი არ არის აკრძალული, შესაბამისად, თუ პირებს დიდი რაოდენობით აქვთ შეძენილი, შეუძლიათ ექსპორტზე გაიტანონ ან გადამამუშავებელ კომპანიებს მისცენ, რომლებიც ამ პარკებს გადაამუშავებენ და სხვა პროდუქციას მიიღებენ,“-აღნიშნა ვარდანაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 1-ლი აპრილიდან ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია აიკრძალება. აღნიშნული ეხება პარფიუმერიის თუ სხვა მაღაზიათა ქსელში გამოყენებულ პარკებსაც.
კოდექსის მიხედვით რეგულირების წესის დარღვევა მეწარმე სუბიექტის 500 ლარით დაჯარიმებას და შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციას, განმეორებით ჩადენილი ქმედება კი მეწარმე სუბიექტის 1 000 ლარით დაჯარიმებას და ასევე პროდუქციის კონფისკაციას გამოიწვევს.