გასულ წელს მამუკა ბახტაძის ანაზღაურებამ ჯამში, 62 333.34 ლარი შეადგინა.
კერძოდ, 2018 წლის 21 ივნისამდე პერიოდში ფინანსთა მინისტრობისას მისმა შემოსავალმა ამ პოსტზე 35 416,67 ლარი, ხოლო 21 ივნისიდან 31 დეკემბრის პერიოდში პრემიერ-მინისტრის პოსზე კი 26 916,67 ლარი შეადგინა.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, როგორ შეიცვალა ბახტაძის ქონება ერთ წელიწადში. მის მიერ 31 მარტს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, პრემიერს ქონება არ შეცვლილა და მას არც უძრავი და არც მოძრავი ქონება არ შეუძენია.
კერძოდ, დეკლარაციის თანახმად, ბახტაძე კვლავ მცხეთაში მდებარე 355,05 კვ. მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლსა და 670 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს ფლობს, რომელიც 2016 წელს აქვს ჩუქებით მიღებული.
რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, გასულ წელს შევსებულ დეკლარაციასთან შედარებით, მცირედი განსხვავებაა. კერძოდ, 2019 წელს შევსებული დეკლარაციის თანახმად, ბახტაძეს საბანკო ანგარიშებზე ჯამში, 28 331.1 ლარი, ხოლო ნაღდი ფულადი თანხის სახით 4 500 ლარი ჰქონდა. მაშინ როცა წინა წელს საბანკო ანგარიშზე 8 ათას ლარზე მეტი ჰქონდა.
მასვე, როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, 10 000 ლარის საკრედიტო ხაზი აქვს გახსნილი, თუმცა გასავალი არ უფიქსირდება.