ქართული წარმოების ზეთისხილის საპონი სავაჭრო ქსელებში ზაფხულიდან გამოჩნდება. საუბარია „ჯეოლაივის“ მიერ წარმოებულ საპონზე, რომელიც „ქიზიყის“ ბრენდით გაიყიდება. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ პროდუქტის მწარმოებელი კომპანიის დირექტორმა გიორგი სვანიძემ განუცხადა, ამჟამად საპონი სპა-ცენტრებში იყიდება, თუმცა მაისის ბოლოდან „აგროჰაბში“, ზაფხულიდან კი, სხვა ქსელებშიც გამოჩნდება.
რაც შეეხება პროდუქტის ექსპორტს, როგორც გიორგი სვანიძე აცხადებს, საპონი პირველ ეტაპზე დუბაში, ჩინეთში, შემდეგ კი რუსეთში, ბელორუსში, ჰოლანდიასა და აშშ-შიც გავა. თუმცა, კონკრეტულ ვადებზე, კომპანიის დამფუძნებელს ამ ეტაპზე საუბარი უჭირს, რადგან ეს გარკვეული პროცედურების გავლას უკავშირდება.
შეგახსენებთ, რომ „ჯეოლაივი“ პირველი კომპანიაა, რომელმაც საქართველოში ზეთისხილის კულტურა შემოიტანა. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ზეთისხილის გადამამუშავებელი საწარმო სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში 2016 წელს გაიხსნა. კომპანიას ზეთისხილის პლანტაციები დედოფლისწყაროს და სიღნაღის რაიონებში 300 ჰექტარზე აქვს გაშენებული.
როგორც კომპანიის დირექტორი გიორგი სვანიძე ამბობს, პროექტის საინვესტიციო ღირებულება 5 მლნ დოლარია.
მოგვიანებით, სიღნაღში ზეითუნის ზეთის მწარმოებელი ქარხანაც აშენდა, სადაც პროდუქციის წარმოება 2017 წლიდან დაიწყო.
რაც შეეხება საპონს, სულ რამდენიმე თვეა ქართულ ბაზარზე სახელწოდებით - „ქიზიყი“ გამოჩნდა.
„სავარაუდოდ, სექტებერში დუბაიში ზეთის ხილი გავა, საპონი ცოტა მოგვინებით, მაგრამ აუცილებლად ამ წელს. ჩვენი კომპანია საპონს ამზადებს ზეთის ხილის გადამუშავების შემდეგ მიღებული მასით, ე.წ ფაფით, რომელსაც სხვა ნედლეულთან ერთად, ემატება ზეითუნის ზეთი. წარმოებაში ფაქტობრივად, დანაკარგი არ გვაქვს ისე ვმუშაობთ. ამ ეტაპზე საპონი იყიდება ბუტიკ სპა-ცენტრებში, მომდენო თვის ბოლოდან „აგროჰაბშიც“ გამოჩნდება, უშუალოდ საპნის ქსელში შესვლას კი სავარაუდოდ, ზაფხულისთვის ვგეგმავთ. მისი ღირებულება საშუალოდ, 2 ლარია, თუმცა ზომის მიხედვით ეს ფასიც განსხვავებულია“,-ამბობს გიორგი სვანიძე.
კითხვაზე, ადგილობრივ ბაზარზე რამდენად მოთხოვნადია ზეთისხილის საპონი, „ჯეოლაივის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ ხარისხიდან გამომდინარე, მოთხოვნა სულ უფრო მზარდია.
ცნობისთვის, კომპანია ამ დროისთვის ზეთის ხილს, ზეითუნის ზეთსა და საპონს აწარმოებს.