ბიზნესის დონ კორლეონე პუტინის ”შავ სიაში” მოხვდა
მოსკოვში სოსო ორჯონიკიძის სახელი თითქმის ყველას სმენია - წლების განმავლობაში რუსეთის დედაქალაქის ვიცე-მერი იყო. ამბობენ, ის რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მდიდარი ადამიანიაო, თუმცა მისი რეალური ქონების შესახებ ცოტამ თუ იცის. რუსული პრესა მას ოფიციალურ მილიონერებს შორის ასახელებს, ქართულმა მედიამ კი რამდენიმე წლის წინ მისი ქონება 1 მილიარდ დოლარად შეაფასა.
სოსო ორჯონიკიძის ქონება ალბათ, რუსეთში ნაშოვნი მილიარდების „ტრადიციული ისტორიის“ ნაწილია, რომლის მთავარი დეტალები როგორც წესი, უცნობია და ბევრ შეკითხვას აჩენს. თუმცა, რუსეთში სოსო ორჯონიკიძის მილიარდიანი ქონების დაგროვებას ხშირად უკავშირებენ „ინოვაციური საწარმოების კავშირის“ პრეზიდენტობას, რომლის პოსტიც ორიოდე წლის განმავლობაში ეკავა, შემდეგ კი სხვადასხვა ბიზნესაქტივობას ეწეოდა.
„თავდაპირველად რომ დავინახე, - იხსენებს ერთ-ერთი ჟურნალისტი, - მეგონა, ჩემს წინ ნამდვილი დონ კორლეონე იდგა. თუმცა, მასთან რამდენიმესაათიანი საუბრისა და მისი ახლოს გაცნობის შემდეგ, მივხვდი - საქმე საოცრად დელიკატურ და ფრთხილ ადამიანთან მქონდა“.
იოსებ, იგივე სოსო ორჯონიკიძე 1948 წელს ბორჯომში, ერთ ჩვეულებრივ ქართულ ოჯახში დაიბადა. ბორჯომის სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში გააგრძელა, სადაც ინჟინერ-მექანიკოსის განათლება მიიღო. მოგვიანებით, მისი თანაკურსელები გაიხსენებენ, რომ სოსო ერთ-ერთი ყველაზე დისციპლინირებული და მოწესრიგებული სტუდენტი იყო კურსზე.
ინჟინერ-მექანიკოსის დიპლომის მქონე მომავალი მილიარდერის პირველი სამსახური თბილისის ავიამშენებელი ქარხანა იყო, სადაც სულ მალე კომკავშირის განყოფილების თავმჯდომარე გახდა. რამდენიმე ხანში ბორჯომელი ინჟინერი ერთ-ერთი მაღალჩინოსნის რეკომენდაციით მოსკოვში, ინსტრუქტორის თანამდებობაზე გადაჰყავთ. მოსკოვში გამოცდილებამიღებულ იოსებ ორჯონიკიძეს კი ისევ თბილისში აბრუნებენ და კომკავშირული კომიტეტის პირველ მდივნად ნიშნავენ.
რუსეთის დედაქალაქში საცხოვრებლად მოსკოვის მომავალი ვიცე-მერი 80-იანი წლების დასაწყისში გადავიდა. რუსეთში დამკვიდრებულმა ქართველმა ჩინოვნიკმა საბჭოთა „პერესტროიკის“ შემდეგ მოსკოვის მერიაში დაიწყო მუშაობა, სადაც წლების განმავლობაში სხვადასხვა სტრუქტურებში ეკავა მაღალი თანამდებობები. სწორედ მერიაში მუშაობისას დაუახლოვდა ის მოსკოვის ყველაზე ცნობილ მერს, იური ლუჟკოვს, რომელმაც მოგვიანებით სოსო ორჯონიკიძე თავის მოადგილედ დანიშნა.
„რა თქმა უნდა, მოსკოვის პატრიოტი ვარ, ამ ქალაქში ცხოვრების ნახევარი გავატარე. თუმცა, ძალიან ვღელავ იმის გამო, რაც საქართველოში ხდება. ძალიან მაღელვებს ცალმხრივი შეფასებები, როგორც რუსი, ასევე ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან. როდესაც საქართველოში ანტირუსულ განწყობაზე საუბრობენ, ვიცი, რომ ეს ასე არ არის. ქართველ და რუს ხალხს შორის ყოველთვის იყო განსაკუთრებული ურთიერთობები“, - სოსო ორჯონიკიძე.
ამბობენ, მოსკოვის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მერი იმდენად ენდობოდა ბორჯომელ კოლეგას, რომ თავის დროზე, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის „შეთავაზებაც“ კი არ გაითვალისწინა და არ გაათავისუფლა სოსო ორჯონიკიძე, რომელიც პუტინის „შავ სიაში“ მოხვდა. ვლადიმერ პუტინი მოსკოვის მერს იმ ჩინოვნიკების გათავისუფლებას სთხოვდა, რომელთა მიმართაც სამართალდამცავ ორგანოებს მათი დეპარტამენტის საქმიანობიდან გამომდინარე შეკითხვები გაუჩნდათ. თუმცა, ერთადერთი, რაც ლუჟკოვმა გააკეთა, ეს ორჯონიკიძის დაქვემდებარებაში მყოფი დეპარტამენტისთვის სახელის გადარქმევა იყო. ქართველ მილიარდერს კი კვლავინდებურად დარჩა ტენდერების, ასევე ტურისტული და სათამაშო ბიზნესის მაკონტროლებელი ბერკეტები.
სწორედ სათამაშო ბიზნესს უკავშრდება მოსკოვის ყოფილი ვიცე-მერის გარშემო ატეხილი ხმაურიანი ისტორიები, რომელიც სოსო ორჯონიკიძეზე განხორციელებულ თავდასხმას მოჰყვა. 2000 წელს განხორციელებული თავდასხმის შემდეგ ქართველ მილიარდერს რამდენიმესაათიანი, რთული ოპერაცია დასჭირდა. მოსკოვის მერმა იური ლუჟკოვმა კი თქვა, რომ „სოსომ რომელიღაც გადაწყვეტილებით, არაკაცებს კუდზე ფეხი დაადგა და მისი ინტერესები არაკაცების ინტერესებთან გადაიკვეთა“.
რუსეთის დედაქალაქში სათამაშო ბიზნესის განვითარების გამო მის მიმართ ხშირად პრეტენზიებს გამოთქვამდნენ თავად მოსკოველებიც, თუმცა ქალაქის ვიცე-მერი კაზინოების დახურვის კატეგორიული წინააღმდეგი იყო.
„ყველა სფეროში აუცილებელია კულტურის განვითარება. თქვენი აზრით, არაყი უნდა ავკრძალოთ იმიტომ, რომ სვამენ? მერე რას დალევენ, სამაგონს? კაზინოები რომ დავხუროთ, ისევ სახლებსა და სარდაფებში დაიწყებენ თამაშს, როგორც ეს ძველ დროში იყო“, - პასუხობდა ვიცე-მერი უკმაყოფილო მოსკოველებს და არც იმას მალავდა, რომ თავადაც მოსწონდა კაზინოში თამაში.
თუმცა, მისი ყველაზე დიდი გატაცება არც კაზინო და არც რუსული რულეტკაა. რუსეთში მცხოვრები ქართველი მილიარდერი თავისუფალ დროს ნადირობასა და სამზარეულოში ატარებს. უდიდეს სიამოვნებას კი მოგზაურობა ანიჭებს. ჯერ კიდევ 10 წლის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში გამოტყდა, რომ მსოფლიოს 126 ქვეყანაში არის ნამყოფი.
სოსო ორჯონიკიძე იყო ასევე მოსკოვის საერთაშორისო ბიზნეს-ცენტრის „მოსკოვი სიტის“ მშენებლობის ინიციატორი და მთავარი იდეოლოგიც. მის სახელს უკავშრდება ასევე რუსეთში „ფორმულა 1“-ის პირველი ტრასის მშენებლობაც.
მეორე თავდასხმა ქართველ მილიარდერზე 2002 წელს განხორციელდა, რომლის დროსაც მას ისევ ავტომობილიდან ესროლეს. თუმცა, ამჯერად თავად ჩინოვნიკი არ დაზარალებულა, მსუბუქად დაიჭრა მისი დაცვის ერთ-ერთი წევრი. ოფიციალურად, დღემდე უცნობია, ვინ მოაწყო თავდასხმები სოსო ორჯონიკიძეზე. არაოფიციალური ვერსიით კი, ერთ-ერთი დამკვეთი ჩეჩენი პოლიტიკოსი და ბიზნესმენი უმარ ჯაბრაილოვი იყო, რომლის ჩამოშორებასაც სოსო ორჯონიკიძე მოსკოვში, სასტუმრო ბიზნესისგან ცდილობდა.
თავდასხმიდან ცოტა ხანში გაქურდეს ქართველი ჩინოვნიკის მეუღლე, ჟურნალისტი ქეთევან ორჯონიკიძე. სოსო ორჯონიკიძის მეუღლე, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რუსული ყვითელი პრესის მთავარი „გატაცება“ იყო, რომლის ფურცლებზეც ის ძირადღირებული ძვირფასეულობის წყალობით ხვდებოდა.
„ჩვეულებრივი ოჯახი მყავს. მეუღლე ჟურნალისტია, ორი შვილი გვყავს. მოსკოვში მათ გარდა, ოჯახის სხვა წევრი არავინ მყავს. მამა და და ადრე გარდამეცვალნენ, დედა კი საქართველოში დარჩა“, - ასე ახასიათებდა სოსო ორჯონიკიძე საკუთარ ოჯახს.
რუსეთში მოღვაწე მილიარდერი ქართველი ჩინოვნიკის წარმატებული კარიერა და მოსკოველი გავლენიანი ჩინოვნიკების მისდამი კეთილგანწყობა 2007 წელს დასრულდა. პოლიტიკური ექსპერტების ერთი ნაწილის მოსაზრებით, მისი ვიცე-მერის თანამდებობიდან გათავისუფლება რუსეთში „ქართული ლობისგან“ გათავისუფლების სურვილით იყო გამოწვეული. მოსკოვის მერიაში საქმიანობას კი საბოლოოდ რამდენიმე წლის წინ, იური ლუჟკოვის მერობის პოსტიდან გადაყენების შემდეგ დაემშვიდობა.
ჩინოვნიკური საქმიანობის დასრულების შემდეგ ქართველმა მილიარდერმა აქტიურად გააგრძელა სამშენებლო ბიზნესი. სოსო ორჯონიკიძე რამდენიმე ბიზნეს აქტივს ფლობს საქართველოშიც, მათ შორის უძრავი ქონების ობიექტებს თბილისში, ბორჯომსა და ბათუმში.