ვინ აშენებს ჰესს პანკისის ხეობაში

ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ხეობაში, მდინარე ალაზანზე მესამე ჰესის, „ხადორი 3“-ის მშენებლობას მოსახლეობის პროტესტი და დაპირისპირება მოჰყვა.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ ჰესის მშენებლობას არ დაუშვებენ. ჰესის მშენებლობა ამ დროისთვის შეჩერებულია და შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, სამუშაოები მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მოსახლეობის 90% ამაზე თანახმა იქნება.

საუბარია, ჰიდროელექტროსადგურზე, რომლის სიმძლავრეც 5,4 მგვტ, წლიური გამომუშავება კი 27,5 მილიონი კლვტ/სთ-ია. აღსანიშნავია, რომ პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, ინვესტორები „სამყურაწყალი 2“ -ის ჰესის მშენებლობასაც გეგმავენ. ორივე პროექტის ჯამური ინვესტიცია 40 მილიონი აშშ დოლარზე მეტია, ხოლო ორივე ჰესი ჯამურად გამოიმუშავებს 160 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგიას.

პანკისის ხეობაში ჰესების აშენებას კომპანიები „ალაზანი ენერჯი“ და „ფერი“ გეგმავენ. „ხადორი 2“ შპს „ფერის“ საკუთრებაა, ხოლო ჰესს შპს „ალაზანი ენერჯი“ აშენებს. „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა თუ ვის საკუთრებაშია აღნიშნული კომპანიები.

რეესტრის 3 აპრილის ამონაწერით, შპს „ფერის“ 96%-ს იოსებ მჭედლიშვილი, 4%-ს კი კახაბერ შევარდნაძე ფლობს. კომპანიის დირექტორი მერაბ იორდანიშვილია. კომპანიის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2017 წელს „ფერის“ შემოსავალმა 71,281 მლნ ლარი შეადგინა, პირდაპირი ხარჯები კი 50,674 მლნ ლარი იყო. ანგარიშგების მიხედვით, კომპანიის მოგებამ დაბეგვრამდე 2017 წელს 14,833 მლნ ლარი შეადგინა.

ანგარიშგების მიხედვით, შპს ფერი 1991 წელს დაარსდა და მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს დაპროექტება, სამშენებლო და სამონტაჟო სამუშაოები საქართველოს მასშტაბით, რომელშიც შედის ჰიდროტექნიკური ნაგებობების, გვირაბების, გზების და სხვა მშენებლობები. ასევე ჰიდროელექტროსადგურების მონტაჟი და ოპერირება.

ამასთან, ანგარიშგების მიხედვით, „ფერის“ საკუთრებაშია სს „დარიალენერჯი“, რომელიც ფლობს ჰიდროელექტროსადგურს „დარიალჰესს“. ამ უკანასკნელის მშენებლობა 2016 წლის ნოემბერში დასრულდა. „დარიალი ენერჯიმ“ ელექტროენერგიის წარმოება და გაყიდვა 2016 წლის ბოლოსთვის დაიწყო.

გარდა ამისა, როგორც რეესტრშია აღნიშნული, „ფერი“ ფლობს შპს „ენერგიას“ 30%-იან წილსაც. სწორედ ამ უკანასკნელმა ააშენა ყაზბეგში „ლარსი ჰესი“ და ყვარლის რაიონში „შილდა ჰესი“. ცნობისთვის, „ენერგიას“ 70%-იან წილს რუსეთის ფედერაციის მოქალაქე მევლუდ ბლიაძე ფლობს. დირექტორები კი დავით და გაიოზ უგრელიძეები არიან.

რაც შეეხება „ალაზანი ენერჯის“, რომელიც „ხადორი 3“-ს აშენებს, რეესტრის გასული წლის მარტის ამონაწერის მიხედვით კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ლაშა იორდანიშვილი, ხოლო დირექტორი გიორგი გოგავაა. კომპანია 2016 წელს არის დაფუძნებული.

შეგახსენებთ, რომ ჰესი ხადორი 3-ის მშენებლობა გასული წლის 29 ივნისსაც დაიწყო, მაგრამ მოსახლეობის პროტესტის გამო სამუშაოები მაშინაც შეჩერდა. ცნობისთვის, პანკისის ხეობაში უკვე ფუნქციონირებს ორი ჰესი - „ხადორი 1“ და „ხადორი 2“.

თაია არდოტელი