„პირადი სივრცე გვაძლევს საშუალებას ვიყოთ ისინი, ვინც სინამდვილეში ვართ“ - ასე მიმართა სოციალური ქსელის ხელმძღვანელმა მარკ ცუკერბერგმა პრეზენტაციაზე შეკრებილ საზოგადოებას და მათ ახალი პროექტები წარუდგინა. საქმე ეხება იმ სიახლეებს, რომელიც Facebook-ზე, Instagram-სა და Whatsapp-ზე დაინერგება.
ახალი დიზაინები და სხვადასხვა ფუნქცია, სწორედ ეს არის პირდაპირი პასუხი იმ კრიტიკაზე, თუ როგორ დაიცავს მომხმარებლის უსაფრთხოებას სოციალური პლატფორმები.
მულტიმილიარდერმა დეველოპერებთან F8 შეხვედრაზე Facebook-ის ახალი დიზაინი წარადგინა. პირდაპირი ჩართვა ცუკერბერგის ოფიციალურ გვერდზე მიმდინარეობდა. ჩართვისას მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ ახალი დიზაინი დ ახალი შესაძლებლობები, მოგვცემს საშუალებას უფრო მარტივად ვიპოვოთ ერთმანეთი ვირტუალურ სამყაროში, შევიქმნათ უფრო უსაფრთხო პირადი სივრცე და უფრო კომფორტულად ვიგრძნოთ თავი. ახალი დიზაინი მან FB5-ის სახელით წარადგინა.
მარკის განცხადებით, შეიცვლება სოციალური ქსელის ლურჯი მენიუ (Header), სადაც საიტზე შესვლისას სხვადასხვა ფუნქციაა დატანილი. ლურჯი ფერის ნაცვლად, ის თეთრი გახდება. მარკის განცხადებით, საიტის დიზაინი უფრო მარტივდება და ნათელი ფერებიც ამიტომ გახდა აუცილებელი. Facebook-ის ველი, სადაც „ისტორიების“ (Story) გამოქვეყნება შეგვიძლია, თუ ახლა ის 24 საათში ახლდება და შემდეგ ქრება, ახალ დიზაინში ეს ველი უფრო შესამჩნევი იქნება და საიტის ცენტრში გადმოინაცვლებს.
ცუკერბერგის განცხადებით, ისინი აპირებენ პირადი სივრცე ამჯერად წინა პლანზე წამოწიონ. როგორც მარკი ამბობს, მათ გააცნობიერეს, რომ ამ კუთხით ბევრი აქვთ სამუშაო, რათა აღადგინონ მომხმარებელთა ნდობა.
დეველოპერებთან შეხვედრაზე, პრეზენტაციისას მარკმა განაცხადა, რომ „მთავარი ცვლილება“ პირადი სივრცის შექმნა იქნება. ცვლილებებს აშკარად შეამჩნევს სოციალური ქსელის მომხმარებლებიც, ეს იქნება შესამჩნევი შეტყობინებების ველშიც.
შეტყობინებები, რომლებსაც ჩვენ ყოველ წამს ვგზავნით, ცვლილებების შემდეგ დაშიფრული იქნება და გაგზავნილი შეტყობინებების მნიშვნელობას ქსელი ვეღარ აღიქვამს. როგორც ცუკერბერგი ამბობს, Messenger-ის დიზაინიც განახლდება და ის უფრო სწრაფი და მოსახერხებელი გახდება. მისი თქმით, მუშავდება Messenger-ის ახალი ვერსიაც ОС Windows და MacOS-თვის.
ახალი დიზაინი შემუშავდება „ჯგუფების“ ველშიც. როგორც ის ამტკიცებს, შემუშავდა ახალი მექანიზმები. მომავალში ალგორითმი ზუსტად იმ ჯგუფებს გაუწევს რეკომენდაციას, რომელიც ჩვენს ინტერესებს შეეფერება. დაემატება ვაკანსიების ადგილიც, სადაც დამსაქმებლებს შეეძლებათ ახალი თანამშრომელი სოციალური ქსელით მარტივად იპოვონ.
ამ ყველაფერთან ერთად, Facebook-ს დაემატება კიდევ სხვა ახალი ფუნქცია, მომხმარებელს მიეწოდება ინფორმაცია, თუ რა სიახლე ხდება მის მახლობლად, ეს მოხდება ადგილმდებარეობის მიხედვით.
„საბოლოო ჯამში, ჩვენი გუნდი მუშაობს იმისთვის, რომ ადამიანებს გაუადვილეს ერთმანეთთან ურთიერთობა“ - განაცხადა ცუკერბერგმა.
როგორც სოციალური ქსელის ბოსი აცხადებს, Facebook-ის, Instagram-ის და Whatsapp-ის მობილური ვერსიები ეტაპობრივად განახლდება. Instagram-ზე კი შესაძლებელი იქნება სტატუსის დაწერა, ფოტოსა და ვიდეოს გარეშეც.
Facebook-ზე წინა პლანზე წამოიწევა საავტორო უფლებები. თუ აქამდე ეს მხოლოდ ქსელში ატვირთულ მუსიკასა და ვიდეოკონტენტს ეხებოდა, ამჯერად სოციალური ქსელი საავტორო უფლებებს დაიცავს ფოტოებზეც.
მარკ ცეკერბერგის განცხადებით, ისინი ბევრს მუშაობენ, რათა პირადი სივრცე უფრო დაცული გახდეს. „იმედი მაქვს, რომ ქსელში შეიქმნება და გააქტიურდება პატარა ჯგუფები, სადაც ადამიანები შექმნიან პირად სივრცეს და ასე დაუკავშირდებიან ერთმანეთს“
ეს ყველა სიახლე, რომელიც სოციალური ქსელის ბოსმა დეველოპერებთან შეხვედრაზე წარადგინა, 2019 წელს სრულად განხორციელდება და პროექტები პლატფორმებს ეტაპობრივად დაემატება.
მოამზადა ეკა გადახაბაძემ