”ვითიბი საქართველოს” 50%-ზე მეტი რუსეთის სათავო ბანკს ეკუთვნის.
ევროკავშირმა და აშშ-მა რუსეთის ქმედებები უკრაინაში რამდენჯერმე დაგმეს, უფრო მეტიც, რუსი სახელმწიფო მოხელეების წინააღმდეგ სერიოზული შეზღუდვები და სანქციები შემოიღეს. ამ დღეებში ევროკავშირმა, ამერიკასთან ერთად, რუსეთს კიდევ უფრო მკაცრი სანქციები დაუწესა, რომელიც ენერგეტიკის, საბანკო და თავდაცვის სექტორებს შეეხება. კერძოდ: თუ რუსეთი იმ პოლიტიკურ კურსს გააგრძელებს, რომელსაც ახლა მისდევს, ეკონომიკური ხარჯები კიდევ უფრო გაეზრდება - განაცხადა ბარაკ ობამამ, ხოლო ევროპარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, შეზღუდოს თავდაცვისა და ნავთობმომპოვებელი სექტორებისთვის აუცილებელი აღჭურვილობით ვაჭრობა რუსეთთან.
სანქციები დაუწესდა საბანკო სექტორსაც: ბანკებს, რომელთა წილშიც რუსეთის სახელმწიფო ზის, შეეზღუდებათ წვდომა ევროპულ ბაზრებთან, რაც ძალიან გაართულებს მათ მიერ ფინანსების მოზიდვას. აშშ-ის სახელმწიფო ხაზინამ სანქციები კონკრეტული ბანკებისაკენ მიმართა. სანქცირებულთა სიაში შევიდა ”ვითიბი ბანკი”, რომლის შვილობილი კომპანია საქართველოშიც ოპერირებს. რასაკვირველია, ამის შემდეგ გაჩნდა კითხვა - "ვითიბის" წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ქართველ მომხმარებლებზეც ხომ არ იმოქმედებს? - ჩვენ ეს შეკითხვა ”ეკონომიკური განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელს, რომან გოცირიძეს დავუსვით, რომელმაც თავდაპირველად რუსეთის წინააღმდეგ მიღებული სანქციების მნიშვნელობაზე ისაუბრა:
-აუცილებლად უნდა გითხრათ, რომ რეალური სანქციები სწორედ ახლა დაწესდა, მანამდე სანქციები შეეხო ორიოდე ბანკს და რამდენიმე პირს, რომელიც პუტინის საახლობლოს ეკუთვნის. უნდა ითქვას, რომ ეს რეალური ეკონომიკური სანქციები არც ყოფილა. ახლა კი - რუსეთს ნამდვილი სანქციები დაუწესეს, რაც რეალურ გავლენას მოახდენს მის ეკონომიკაზე. ამგვარი სანქციები თავის დროზე რომ დაეწესებინათ, უკრაინაში ამდენი უბედურება აღარ დატრიალდებოდა, არც ამდენი უდანაშაულო ადამიანი დაიღუპებოდა. ეს მსხვერპლი სწორედ ევროპელი ლიდერების სინდისზეა! რატომ დაუწესეს მკაცრი სანქციები მაინც და მაინც ახლა? - იმიტომ, რომ პუტინის საქციელი ყოველგვარ ზღვარს გადასცდა. ბოლო წერტილი იყო თვითმფრინავის ჩამოგდება, რის გამოც სამასამდე უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა. ამიტომ, ევროპა იძულებული გახდა მხარი აება ამერიკისათვის, რომელიც პრინციპულად და თანმიმდევრულად აფრთხილებდა რუსეთს მოსალოდნელი სანქციების შესახებ. აშშ უფრო ადრეც დააწესებდა ამ სანქციებს, რომ არა ევროპელი ლიდერების წინააღმდეგობა და უკმაყოფილება ამერიკელების ”ზედმეტი თავგამოდების” გამო.
- ამ დღეებში მიღებული სანქციების ძალა და მნიშვნელობა რაში მდგომარეობს?
-ერთი შეხედვით, ეს არაფერია: რუსულ ბანკებს ევროპასა და ამერიკაში სესხების აღება ეკრძალებათ. თითქოს, ეს წვრილმანია, მაგრამ რუსეთის უკიდურესად სუსტი და ენერგომატარებლებზე ორიენტირებული ეკონომიკისათვის ეს უკიდურესად მტკივნეული აღმოჩნდა. პარალელურად, რუსეთის სხვა კომპანიებსაც აეკრძალათ სესხების აღება დასავლეთში, დამატებითი ფინანსური რესურსებისა და ინვესტიციების მოზიდვა. რატომ არის ეს სანქცია მტკივნეული რუსეთისათვის? - ფაქტობრივად, უკვე ყველა რუსული სახელმწიფო კომპანია ხდება ერთმანეთის კონკურენტი რუსეთის ბაზარზე არსებული მწირი ფინანსური რესურსების მოსაზიდად. ყველას უჭირს და ფული ყველას სჭირდება. მარტო მიმდინარე წელს რუსულ კომპანიებს საგარეო სესხების დასაფარად 88 მილიარდი დოლარი სჭირდებათ, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსული ბიზნესი და ბანკები ვერ იარსებებენ დასავლეთის ფინანსური რესურსების გარეშე, ამას ემატება ტექნოლოგიების შეზღუდვაც... თითქოს წვრილმანია, რომ აიკრძალა ყირიმის ნავსადგურში გემების შესვლა, მაგრამ რუსებს საკმარისი რაოდენობით ბორნებიც კი არა აქვთ, ამიტომ ბერძნული და იტალიური კომპანიები ემსახურებიან. ასე რომ, ერთი შეხედვით უმტკივნეულო სანქციები, ერთმანეთთან ჯაჭვურ რეაქციაში შედის და ძალიან ცუდ დღეში აყენებს რუსეთის ეკონომიკას.
-შეეხება თუ არა ეს სანქციები საქართველოს?
- საქართველოში არაერთი რუსული კომპანია მუშაობს, განსაკუთრებით, ენერგეტიკის სფეროში. ”თელასი”, ”თბილისის წყალი”, ”საქრუსენერგო” და ა.შ... განსაკუთრებით დიდია მათი რიცხვი ელექტროენერგიის ტრანსპორტირებისა და გენერაციის სფეროში, მაგრამ ჯერჯერობით სანქციები მხოლოდ ”ვითიბი ბანკის” შვილობილ ბანკს შეეხო, რომელიც საქართველოში საქმიანობს. ამ ბანკსაც ზუსტად იგივე აკრძალვები აქვს, როგორიც მის სათავო ოფისს, იმიტომ რომ ”ვითიბი საქართველოს” 50%-ზე მეტი სწორედ რუსეთის სათავო ბანკს ეკუთვნის. რა პრობლემები შეიძლება შეხვდეთ? - ევროპიდან სესხს ვერ აიღებენ, ვერც ევროპის რეკონსტრუქციის ბანკის ფინანსებით ისარგებლებენ, რაც მათთვის ძალზე მნიშვნელოვანია. სხვა საკითხია, არსებობს თუ არა საფრთხე ქართველი მომხმარებლისათვის? ვფიქრობ, რომ არანაირი საფრთხე არ არსებობს რამდენიმე მიზეზის გამო: ”ვითიბი ბანკის” ქართულ ფილიალში თანხების მოზიდვის არეალი მეტნაკლებად დივერსიფიცირებულია, ბანკი არ არის დიდი და არა აქვს დიდი რაოდენობის სესხი აღებული. თანაც, მის აქტივებში უმნიშვნელო რაოდენობითაა ევროპის ბაზარზე ნასესხები თანხაც. მაგრამ აქ მეორე გარემოება იკვეთება: საკითხავია, რუსეთის სათავო ბანკი რამდენად მოიცლის ქართული ფილიალისათვის იმიტომ, რომ მას უამრავი ფილიალი აქვს მთელ მსოფლიოში და თვითონ რუსეთშიც. ახლა მთავარია, რამდენ ფილიალს გაწვდება ”ვითიბის” სათავო ოფისის ფინანსები, როცა ბანკი რესურსების შიმშილს განიცდის? თუმცა, აქ საუბარია ბანკის მომავალზე, მის პერსპექტივაზე და არა იმაზე, რომ მის მეანაბრეებსა და კლიენტებს რაღაც საშიშროება ემუქრება. ამ გადმოსახედიდან მსგავსი რისკები ჯერჯერობით არ ჩანს, ხოლო მომავალში რა იქნება, ამას ხვალინდელი დღე გვიჩვენებს. ჩემი აზრით, მოკლევადიან პერიოდში, დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში, ”ვითიბი ბანკის” ქართულ ფილიალს რაიმე სერიოზული პრობლემები არ უნდა შეექმნას. თანაც, ამ ერთ წელიწადში შეიძლება ეს პრობლემებიც მოწესრიგდეს.
-როგორ წარმოგიდგენიათ ამ პრობლემების მოგვარება?
-შეგახსენებთ, რომ სანქციები ერთწლიანია, მაგრამ სამი თვის შემდეგ შეიძლება გადაიხედოს. თუ ამ სამ თვეში უკრაინაში სიტუაცია მოგვარდება, შეიძლება ეს სანქციები საერთოდ მოიხსნას ანუ შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ”სანქცია 3+9” - პირველ სამ თვეში მოხდება რუსეთის მთავრობის პოლიტიკის შეფასება და შემდეგ გადაწყდება, გააგრძელებენ თუ არა მას. ამასთან, საქართველოში მოქმედი ბანკი პატარაა და რესურსების წყარო სხვადასხვა ადგილებში აქვს. თანაც, ეს არის დამოუკიდებელი ფინანსური და იურიდიული ერთეული, უფრო მეტიც, ეს არის ქართული ბანკი, რომელიც რუსული კაპიტალით არის დაფუძნებული. ეროვნული ბანკის პოლიტიკაც ისეთია, რომ არა მგონია ”ვითიბის” ერთი წლის განმავლობაში სერიოზული პრობლემები შეექმნას. რაც შეეხება საქართველოში მოქმედ რუსული ფირმების შვილობილ სხვა კომპანიებს, ჯერჯერობით ნაკლებად სავარაუდოა, რომ მსგავსი სანქციები სხვა სფეროებში მოქმედ ფირმებსაც შეეხოს.
ხათუნა ჩიგოგიძე