უკვე დროა Facebook-ი დაიშალოს - სოციალური ქსელის თანადამფუძნებელი

უკვე დროა, რომ Facebook-ი დაიშალოს - ამ მოსაზრებამდე არა სოციალური ქსელის რომელიმე რიგითი მომხმარებელი, არამედ თავად Facebook-ის თანადამფუძნებელი კრის ჰიუზი მივიდა.

New York Times-ში გამოქვეყნებულ მოსაზრების სტატიაში სოციალური ქსელის თანადამფუძნებელი ამბობს, რომ ერთი ადამიანის ხელში ზედმეტად დიდი ძალაუფლებაა თავმოყრილი, რაც ამერიკის როგორც სახელმწიფოს ღირებულებებსა და პრინციპებსაც კი ეწინააღმდეგება.

„მარკის გავლენა გამაოგნებელია და ის ბევრად სცდება ნებისმიერი ადამიანის გავლენას კერძო სექტორიდან და ხელისუფლებიდანაც კი. ის სამ უმსხვილეს საკომუნიკაციო პლატფორმას აკონტროლებს - Facebook-ს, Instagram-სა და WhatsApp-ს. რომლებსაც მილიარდობით ადამიანი იყენებს ყოველდღიურად. Facebook-ის საბჭოს წევრები უფრო მრჩევლების როლში გამოდიან, ვიდრე მაკონტროლებლის, რადგან გადაწყვეტილების მიღების უპირასტესობა ცუკერბერგს აქვს, ფლობს რა ხმის მიცემის უფლების 60%-იან პაკეტს. აქედან გამომდინარე მარკს დამოუკიდებლად შეუძლია გადაწყვიტოს, როგორ ააწყონ Facebook-ის ალგორითმი იმისთვის, რომ განსაზღვრონ, რას დაინახავენ მომხმარებლები მათ news feed-ზე, კონფიდენციალურობის რომელი პარამეტრების გამოყენება შეუძლიათ და რომელი მესიჯების წაშლა შეუძლიათ. ის ადგენს წესებს რომლებიც განსაზღვრავს, რა არის ძალადობრივი საუბარი და რომელი უბრალოდ შეურაცხმყოფელი და მას კონკურენტის ჩამოშორება მისი შეძენით დაბლოკვით ან დაკოპირებით შეუძლია.

მარკი კარგი ადამიანია, თუმცა ძალიან გაბრაზებული ვარ, რომ მან კომპანიის ზრდას შესწირა მომხმარებელთა უსაფრთხოება“- წერს სოციალური ქსელის თანადამფუძნებელი სტატიაში.

კრის ჰიუზი ამბობს, რომ ის საკუთარი თავით და Facebook-ის თავდაპირველი გუნდითაც იმედგაცრუებულია, რადგან მათ ვერ შეძლეს წინასწარ იმის განსაზღვრა, თუ როგორ შეცვლიდა News feed-ის ალგორითმი მათ კულტურას, როგორ იმოქმედებდა არჩევნების შედეგებსა და როგორ გააძლიერებდა ნაციონალისტ ლიდერებს.

„ჩვენ ის ერი ვართ, რომელიც მონოპოლიას ეწინააღმდეგება, არ აქვს მნიშვნელობა რამდენად კარგი განზრახვა შეიძლება ჰქონდეთ ამ მონოპოლიური კომპანიების ხელმძღვანელებს. მარკის ძალაუფლება უპრეცედენტოა და არაამერიკული. დროა Facebook-ი დაიშალოს. ამერიკა შეიქმნა იმ იდეის გარშემო, რომ ძალაუფლება არ შეიძლება კონცენტრირებული იყოს ერთი ადამიანის ხელში, ვინც არ უნდა იყოს ეს ადამიანი, რადგან ჩვენ უშეცდომოები არ ვართ. ამიტომ შექმნეს დამფუძნებლებმა შემოწმებისა და ბალანსის სისტემა. მათ არ სჭირდებოდათ Facebook-ის აღმავლობის ნახვა იმისთვის, რომ ის საფრთხე განესაზღვრათ, რომელსაც გიგანტური კომპანიები უქმნიან დემოკრატიას“, - წერს კრის ჰიუზი.

სოციალური ქსელის თანადამფუძნებელი აღიარებს, რომ Facebook-ის დომინანტობა ისტორიის შეცდომა არ არის, არამედ კომპანიის შექმნის მომენტიდანვე აღნიშნული ამბიცია გათვლილი იყო.

მოამზადა სალომე აბულაშვილმა