საქართველოში გამოვლენილ ყალბ ბანკნოტებში ყველაზე მეტი 50 და 100-ლარიანია გამოვლენილი

საქართველოში გამოვლენილ ყალბ ბანკნოტებში პირველ ადგილზე 100-ლარიანია - საქართველოს ეროვნული ბანკის წლიური ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს ყალბი ბანკნოტების მთლიან მოცულობაში 100-ლარიანების წილი 34,7%-ს შეადგენდა. მეორეზე 50-ლარიანი - 21,9%-ით, მესამეზე კი, 20-ლარიანი - 16,6%-ით.

ამასთან, ეროვნული ბანკის მიერ გამოვლენილი ლარის ყალბი ბანკნოტებიდან და მონეტებიდან 8,2% იყო 1-ლარიანი მონეტა; 6,9% – 50-თეთრიანი (1993 წლის), 5,49% - 10-ლარიანი; 5,1% - 5-ლარიანი და 1,1% - 200-ლარიანი.

დოკუმენტის მიხედვით, 2018 წელს კომერციული ბანკებიდან, ვალუტის გადამცვლელი პუნქტებიდან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან, სამართალდამცავი ორგანოებიდან გაგზავნილ და ფიზიკური პირების მიერ მიწოდებულ 9 030 ცალ საეჭვო ფულის ნიშანზე ექსპერტიზა ჩატარდა, მათგან 6 737 ყალბი აღმოჩნდა.

ყალბი ფულის ნიშნების გადანაწილება ასეთია: ლარის ბანკნოტები – 4 865; ლარის მონეტები – 870; აშშ დოლარი – 608; ევრო – 198; სხვა უცხოური ვალუტა – 196.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2018 წელს გამოვლენილი ლარის ყალბი ბანკნოტების რაოდენობა 2017 წელთან შედარებით 5.5 პროცენტით, ხოლო აშშ დოლარის ყალბი ბანკნოტების რაოდენობა 3.3 პროცენტით შემცირდა. ამასთანავე, ევროს ყალბი ბანკნოტების რაოდენობა 5.3 პროცენტით, ხოლო სხვა უცხოური ყალბი ვალუტების რაოდენობა 5.9 პროცენტით გაიზარდა. 50 თეთრის ნომინალის ყალბი მონეტების რაოდენობა გასულ პერიოდთან შედარებით 37.9 პროცენტით, ხოლო 1 ლარის ნომინალის ყალბი მონეტების რაოდენობა 9.3-ჯერ შემცირდა.