თბილისის ძველ უბნებში, ავტომობილებით მოძრაობა შესაძლოა აიკრძალოს. ამის შესახებ, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ თბილისში ჰაერის მდგომარეობის შესახებ გამოქვეყნებულ თემატური მოკვლევის შედეგებშია აღნიშნული.
„თბილისის ძველ უბნებში (მაგალითად, სოლოლაკი), რომელიც გამოირჩევა ინტენსიური დასახლებით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებითა და საცობებით, თან, ტურისტულად მიმზიდველია, აიკრძალოს ყველანაირი ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილება.
გამონაკლისი შეიძლება იყოს ადგილობრივი მოსახლეობის ჰიბრიდული და ელექტროტრანსპორტი.
ეს არა მხოლოდ გააუმჯობესებს ჰაერის ხარისხს ქალაქის ცენტრში, არამედ გამოათავისუფლებს ავტოსადგომის ტერიტორიებს. შედეგად, გაფართოვდება საფეხმავლო ადგილები, მეტად განვითარდება კაფე-რესტორნების ქსელი და, შესაბამისად, გაიზრდება ტურისტული პოტენციალი,“- ვკითხულობთ ანგარიშში.
ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, თემატური მოკვლევისას გამოთქმული მოსაზრებით, 5 წელზე ძველ ავტომობილებს განბაჟების უფრო მკაცრი პირობები უნდა დაუწესდეს, რაც განბაჟების გადასახადის ზრდასაც მოიცავს. ასევე, ჯგუფს მიზანშეწონილად მიაჩნია მაღალი მოსაკრებლის დაწესება დიდი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილებზე.
შეგახსენებთ, რომ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების პრობლემაზე რეაგირების მიზნით, კომიტეტმა 2018 წელს დაიწყო პარლამენტის ისტორიაში პირველი თემატური მოკვლევა, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა სამუშაო ჯგუფი. სამუშაო ჯგუფი საქართველოს პარლამენტის ყველა პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენლისგან შედგებოდა.