ავტომობილები გამონაბოლქვზე ქუჩაში მოძრაობისას შესაძლოა, ადგილზევე შემოწმდეს.
ამის შესახებ, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ თბილისში ჰაერის მდგომარეობის შესახებ გამოქვეყნებულ თემატური მოკვლევის შედეგებშია აღნიშნული.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, თემატური მოკვლევისას მიღებული ცნობებით, ასევე, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ თბილისში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მთავარი მიზეზი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვია.
როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, გამონაბოლქვზე ავტომობილების ქუჩებში შემოწმებასთან დაკავშირებით წინადადება მოქალაქეებისგან მიღებული ერთ-ერთი რეკომენდაციაა.
კერძოდ, საუბარია, გამონაბოლქვის საზომი მცირე ზომის პორტაბელური აპარატების შეძენაზე (რომელიც ფართოდ გამოიყენება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში), რითაც ვიზუალურად ხილვადი გამონაბოლქვის დაფიქსირების შემთხვევაში ავტოსატრანპორტო საშუალება ადგილზევე შემოწმდება.
კომიტეტის შეფასებით, ეს საკითხი უფრო მეტ დისკუსიას საჭიროებს. შესაბამისად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ და თბილისის მერიამ აღნიშნულთან დაკავშირებით, ორი თვის ვადაში წარუდგინოს გარემოს კომიტეტს ანალიზი და დადებითი/უარყოფითი დასკვნა.
აღსანიშნავია, რომ 11 მაისს ორგანიზაციის „ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ და ტექისნპექტირების ასოციაციის ინიციატივით, გამონაბოლქვზე ავტომობილის ქუჩებში შემოწმების მინი-აქცია ჩატარდა. კერძოდ, როგორც „ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილმა რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა, სამოქალაქო რეიდის ფარგლებში, 1 საათის განმავლობაში 12 ავტოსატრანსპორტო საშუალება შემოწმდა გამონაბალქვზე. მისივე თქმით, ყველა საშუალებას გავლილი ჰქონდა ტექნიკური ინსპექტირება, თუმცა, ამ კვლევის ფარგლებში გამონაბოლქვის ტესტი 5-მა მათგანმა ვერ გაიარა.
„აქცენტი გვქონდა უფრო სამარშრუტო ტაქსებზე, ყვითელ ავტობუსებზე. აღმოჩნდა, რომ ძირითადად დიზელის ტრანსპორტი იყო და მხოლოდ ერთი იყო ბენზინზე მომუშავე ავტომობილი. ხაზგასასმელია, რომ ამ უკანასკნელმა მართალია, მუქი გამონაბოლქვი არ ჰქონია, მაგრამ 5-ჯერ გადააჭარბა CO-ს დადგენილ ნორმას.
რაც შეეხება მიზანს, ეს მინი-კვლევა ემსახურებოდა იმას, რომ დაგვემტკიცებინა თუ რამდენად მნიშვნელოვანი და აუცილებელია გამონაბოლქვის ქუჩაში კონტროლი. ჩვენი მცირე 1 საათიანი შემოწმების შემდეგ, რეაგირება იყო მყისიერი და შესაბამისად, ვფიქრობ, რომ თუ სახელმწიფოს მიერ გარე კონტროლი იქნება, ავტომობილის გამონაბოლქვთან დაკავშირებული პრობლემები აუცილებლად მოგვარდება,“-აღნიშნა ლალიაშვილმა.
ცნობისთვის, 2019 წლის იანვარ-მარტში გამონაბოლქვის გამო, მხოლოდ 1 ჯარიმაა გამოწერილი. კერძოდ, საჯარიმო ქვითარი გამოწერილია იმ სატრანსპორტო საშუალების მართვაზე, რომელსაც გამონაფრქვევში აქვს გამაჭუჭყიანებელ ნივთიერებათა ისეთი შემცველობა, რომელიც დადგენილ ნორმას აჭარბებს. ცნობისთვის, ეს ჯარიმა თბილისშია გამოწერილი.