„მიკროავტობუსებზე ძალიან დიდი უკმაყოფილების მუხტია და რეალურად ჩვენი პოლიტიკით კომპანია დავაფიქრეთ,“- ამის შესახებ, თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
„რა ფორმით დარჩება მიკროავტობუსები დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემაში, ამას კომპანია „სისტრას“ კვლევა აჩვენებს. კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ მზად არის დაემორჩილოს „სისტრას“ წარმოდგენლ ხედვას. კომპანია მზად არის კვლევის შედეგები დავალებად მიიღოს და იმ მარშრუტებზე გადანაწილდეს, რაც იქნება წარმოდგენილი. ძირითადად, საუბარია მოკლე მარშრუტებზე.
ამასთან, იგეგმება ხელშეკრულების პირობების შეცვლა და მიკროავტობუსების კომპანიას საერთოდ ახალ მოდელზე მოუწევს აწყობა. ამასთან, მართალია მიკროავტობუსები მოკლე რეისებზე იმოძრავებს, თუმცა, იქ რამდენიმე ისეთი მიკროავტობუსი უნდა მუშაობდეს, რომელიც შშმ პირისთვის ადაპტირებული იქნება, ისევე როგორც ახალი ავტობუსები. მინდა, ხაზგასმით ვთქვა ისიც, რომ მიკროავტობუსებში დასაქმებული 1800-მდე მძღოლი უმუშევარი არ დარჩება,“-აღნიშნა მუმლაძემ.
ამასთან, როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი, მიკროავტობუსების კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ მზად არის, მერიას ხელშეკრულების გადახედვა შესთავაზოს. ხოლო მას შემდეგ რაც განახლებული ხელშეკრულება შეთანხმდება/გაფორმდება, კომპანიას სრული ავტოპარკის განახლება მოუწევს. გარდა ამისა, არსებული 16 ადგილიანის ნაცვლად დედაქალაქში ახალ, 19 ადგილიან მიკროავტობუსებს შემოიყვანს.