სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2018 წლის დასაქმებისა და უმუშევრობის მონაცემები გამოაქვეყნა.
„საქსტატის“ ცნობით, 2018 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2017 წელთან შედარებით 1.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 12.7 პროცენტი შეადგინა.
ამასთან, გამოკვლევის შედეგების ანალიზი ასაკობრივ ჭრილში აჩვენებს, რომ 2018 წელს უმუშევრობის ყველაზე მაღალი დონე (30.8 პროცენტი) კვლავ 20-24 წლის ასაკობრივ ჯგუფში ფიქსირდება, ხოლო აღნიშნული მაჩვენებელი ტრადიციულად ყველაზე დაბალია 65+ ასაკობრივ ჯგუფში, რომლის უმთავრეს მიზეზს შესაბამის ასაკობრივ ჯგუფში არააქტიურობის დონის შედარებით მაღალი მაჩვენებელი წარმოადგენს.
„საქსტატის“ ცნობით, ბოლო ცხრა წლის განმავლობაში უმუშევრობის დონის შემცირების ტენდენცია ფიქსირდება. ამასთან უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში აღნიშნული მაჩვენებელი 2018 წელს ყველაზე დაბალ ნიშნულს აღწევს.