„მნიშნელოვანია, რომ უმუშევრობა ეტაპობრივად მცირდება ჩვენს ქვეყანაში,“-ამის შესახებ თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ოთარ ანგურიძემ „საქსტატის“ მონაცემებზე დაყრდნობით განაცხადა.
მისივე თქმით, 2018 წელს უმუშევრობის დონემ 12,7% შეადგინა და 2017 წლის მაჩვენებელთან შედარებით 1,2%-ით გაუმჯობესდა. რაოდენობრივ მაჩვენებლებში კი 30,7 ათასით შემცირდა და 245,7 ათასი შეადგინა.
ოთარ ანგურიძის შეფასებით, დადებითად შეიძლება ჩაითვალოს ის ტენდენცია, რომ თვითდასაქმებულთა რაოდენობა 48,2 ათასით შემცირდა, დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა კი 35,9 ათასით გაიზარდა და 860,2 ათასი შეადგინა.
„2018 წელს პირველად დაფიქსირდა მაჩვენებელი, რომელითაც დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა აჭარბებს თვითდასაქმებულთა რაოდენობას, რაც ეკონომიკის განვითარების შედეგია. დასაქმებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა სოფლის მეურნეობის სექტორში და პარალელურად გაზრდილია მშენებლობის, ვაჭრობის, ტრასპორტირების და სხვა სექტორებში. უმუშევრობის სტატისტიკის აღნიშნული ტენდენცია მეტყველებს, რომ საქართველოს ეკონომიკაში სექტორული გაუმჯობესება ფიქსირდება,“ - განაცხადა ანგურიძემ.