Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:50 საათისთვის ერთი დოლარი 2,7725 ლარად ივაჭრება, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 21 მაისისთვის დადგენილ კურსთან შედარებით თითქმის 3 პუნქტით მეტია. დღეს ოფიციალური კურსით ერთი დოლარი 2,7470 ლარი ღირს. მართალია, სებ-ი 22 მაისის კურსს 17:00 საათისთვის დაადგენს, თუმცა უკვე აშკარაა, რომ ლარი დოლართან მიმართებით პოზიციებს დღესაც დათმობს. არადა, წლის დასაწყიდიდან 7 მაისის ჩათვლით ეროვნული ვალუტა საკმაოდ მყარ პოზიციებს ინარჩუნებდა და თვეების განმავლობაში 2, 67-2,70-ის კორიდოში ტრიალებდა.
ეკონომისტები ლარის კურსის ასეთ რყევებს ერთის მხრივ შემცირებულ ინვესტიციებს, მეორეს მხრივ კი კომერციული ბანკების მხრიდან გაზრდილ მოთხოვნას უკავშირებენ. ამასთან, არ გამორიცხავენ, რომ ლარის კურსზე გაუფასურებული თურქული ლირას ფაქტორიც მოქმედებდეს.
„როდესაც ლარის კურსი ვარდება, ეს იმას ნიშნავს, რომ კომერციულ ბანკებს აქვთ დიდი მოთხოვნილება უცხოურ ვალუტაზე“, - ამის შესახებ ფინანსისტმა ლია ელიავამ განაცხადა. მისი თქმით, ლარის კურსის ასეთი ვარდნა არ არის დაკავშირებული უცხოეთის ქვეყნებში მიმდინარე პროცესებთან.
„თქვენ იცით, რომ საქართველოში ლარის კურსი ყალიბდება კომერციულ ბანკებს შორის ვაჭრობის შედეგად. მათი ვაჭრობა კი განპირობებულია იმით, რამდენი ფული შედის და გადის ქვეყნიდან. ანუ რამდენს რიცხავენ საზღვარგარეთ და რამდენი შემოაქვთ. როდესაც ლარის კურსი ვარდება, ეს იმას ნიშნავს, რომ კომერციულ ბანკებს აქვთ დიდი მოთხოვნილება უცხოურ ვალუტაზე. ლარის კურსის ასეთი ვარდნა არ არის დაკავშირებული უცხოეთის ქვეყნებში მიმდინარე პროცესებთან. შესაძლებელია, ამ პროცესის აღკვეთა ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო ინტერვენციების განხორციელების გზით, რასაც ეროვნული ბანკი არ აკეთებს.
ქვეყნებში, სადაც არის სავალუტო მცურავი კურსი, ყოველთვის ცენტრალური ბანკები ძლიერი რყევის დროს იყენებენ სავალუტო ინტერვენციის ინსტრუმენტს, რათა ქვეყნის ეკონომიკა არ დააზიანონ. სამწუხაროდ, ეროვნულმა ბანკმა ამაზე ხელი აიღო. შესაბამისად, როგორც ხედავთ იზრდება ფასები, გაუფასურდება მოსახლეობის დანაზოგი, ლარი იქნება ნაკლებმსყიდველობითუნარიანი, რაც ძალიან ძლიერ დარტყმას აყენებს ქვეყნის ეკონომიკას“, - აღნიშნა ლია ელიავამ.
ეკონომიკის ექსპერტის, აკაკი ცომაიას განცხადებით კი, ეროვნული ვალუტის, ლარის გაუფასურებაზე გავლენას ახდენს როგორც სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში მიმდინარე მოვლენები, ისე ქვეყანაში შემცირებული პირდაპირი ინვესტიციები. მისივე თქმით, გამოსავალი სწრაფ ეკონომიკურ ზრდაშია.
„პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ფაქტობრივად, მინიმუმზეა დასული, რაც ცხადია, არის ლარის გაუფასურების ერთ-ერთი მიზეზი. (2018 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 35%-ით შემცირდა). ასევე კურსზე გავლენას ახდენს სავაჭრო პარტიორ ქვეყნებში მიმდინარე მოვლენები. როცა თურქული ლირა უფასურდება, ინვესტორებს მოლოდინი აქვთ, რომ ლარიც გაუფასურდება და შესაბამისად, ხდება ლარის მოშორება და გარე ვალუტის დაგროვება. საერთო ჯამში, გაუფასურების ეს ტენდენცია, ამ პერიოდში, როდესაც აქტიური ტურისტული სეზონი იწყება ნიშნავს იმას, რომ უცხოური ვალუტის შემოდინება უფრო ნაკლებია, ვიდერე უცხოური ვალუტის გადინება, რაც იწვევს ლარის გაუფასურებას. გამოსავალი ყოველთვის არის სწრაფ ეკონომიკურ ზრდაში. სხვა გამოსავალი ქვეყანას არ გააჩნია.
როდემდე შეიძლება ეს გაგრძელდეს, ამ კითხვაზე პასუხი უბრალოდ არ არსებობს. ეს მანამდე გაგრძელდება, ვიდრე ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ტემპი არ შეიცვლება. თუ ეს, ასე გაგრძელდება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანა ფაქტობრივად, ეკონომიკური დაღმავლობის გზაზეა. ანუ ეკონომიკა თავისი ინერციით ვითარდება და ეს ინერცია უნდა შეიცვალოს. ინერციის შეცვლა კი ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში უნდა გაჩნდეს ისეთი ტიპის სამუშაო ადგილები, რომელიც ექსპორტზე იქნება ორიენტირებული და გარკვეული სპეციფიკური მიმართულებებით შეძლებს კონკურენტუნარიანი პროდუქციის შექმნას და წარმოებას, შემდეგ კი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაიტანს. ამას სჭირდება შესაბამის რესურსი, შესაბამისი გამოცდილების მქონე ადამიანები, რომელთაც გააჩნიათ ამის შესაძლებლობა და ცოდნა. ეს კი პირველ რიგში, უცხოური ინვესტიციებია, რომელიც ქვეყანაში მცირდება“, - განაცხადა აკაკი ცომაიამ.