მეტროსადგური გოცირიძე გადაიხურება.
აღნიშნულთან დაკავშირებით ტენდერი უკვე გამოცხადებულია. კერძოდ, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ მეტროსადგურის რეკონსტრუქციის და კაპიტალური რემონტის სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტენდერი 21 მაისს გამოცხადდა. სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 6 ივნისს დაიწყება და 11 ივნისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 2 045 650 ლარია.
„ტექნოლოგიური პროცესი მოიცავს სადგურის ღია ბაქნის (პლატფორმის) გადახურვას ლითონის კვადრატული და მართკუთხა მილებისაგან შედგენილი სვეტების, შემკრავი კოჭების, დიაგონალური კავშირებისა და სხვა თანმდევი კონსტრუქციული ელემენტებით,“-აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.
პროექტის თანახმად, გარდა გადახურვისა დაგეგმილია მათ შორის - მეტროსადგურის ვესტიბიულში იატაკის მოწყობა ბუნებრივი გრანიტით, კედლისა და ჭერის დეკორატიული გაფორმება, ბაქანზე დასაჯდომების მონტაჟი და ა.შ.
სატენდერო პირობების თანახმად, სამუშაოს შესრულების ვადა ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან არაუგვიანეს 210 კალენდარული დღეა.