დღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ინიციატივით მე-3 საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია „გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები“ გაიხსნება. კონფერენციის მუშაობაში ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები მონაწილეობენ. ასევე, წელს მონაწილეთა შორის არიან უცხოეთის რამდენიმე ქვეყნის, მაშ შორის უნგრეთის, თურქეთის, იტალიის, ავსტრიისა და გერმანიის უნივერსიტეტების წარმომადგენლები.
კონფერნციის ფარგლებში დაგეგმილია რამდენიმე მნიშვნელოვანი და აქტუალური თემის განხილვა. მათ შორის: მენეჯმენტისა და მარკეტინგის განვითარების თანამედროვე ტენდენციები, საბუღალტრო აღრიცხვისა და აუდიტის აქტუალური პრობლემები, გამოწვევები საჯარო და ელექტრონული მმართველობაში, აგრობიზნესის და სტატისტიკის განვითარების ახალი მიდგომები და ა.შ.
ცალკე პანელი დაეთმობა საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებას-ტურიზმს. თემატიკიდან გამომდინარე დისკუსია გაიმართება ECOMODE - ეკო-ინოვაციური ბიზნეს მოდელზე. ეს არის სტუმართმასპინძლობის მიმართულებით მცირე და საშუალო საწარმოებისათვის Erasmus+ პროგრამის სტრატეგიული პარტნიორობის პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ურთიერთთანამშრომლობას ინოვაციისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით. ასევე, სტრატეგიულ პარტნიორობას პროფესიული განათლების ასამაღლებლად. იგი დაფინასებულია იტალიის ეროვნული სააგენტო ERASMUS+ INAP-ის მიერ. პროექტის ფარგლებშია დაგეგმილია პარტნიორ ქვეყნებში სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიის საწარმოებისათვის ეკო-ინოვაციური ბიზნეს მოდელების შექმნა და არსებული საუკეთესო პრაქტიკის შეგროვება, რათა შემუშავდეს სასწავლო მეთოდოლოგია და სერტიფიცირების სტანდარტული ფორმა. ECOMODE პროექტის ძირითადი სამიზნე აუდიტორია პროფესიული ორგანიზაციებია, რომლებიც მენეჯერებს სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიის ეკო-ინოვაციურ ბიზნეს მოდელის ფარგლებში მოამზადებენ.
მე-3 საერთაშორისო კონფერენციას დაესწრებიან საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე და ტურიზმის ეროვნული ადმინისტაციის ხელმძღვანელის მოადგილე მედეა ჯანიაშვილი. კონფერენციის ფარგლებში გაფორმდება ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტსა და ბიზნესომბუდსმენის აპარატს შორის.
ამ თემაზე პირველი საერთაშორისო კონფერნიცია 2017 წელს ჩატარდა. მასში მონაწილეობდა საქართველოსა და უცხოეთის 12 უმაღლესი სასწავლებლის 200-ზე მეტი წარმომადგენელი. სწორედ პირველი კონფერენციის დიდი რეზონანსიდან და თემების აქტუალობიდან გამომდინარე გადაწყდა, რომ იგი ყოველწლიური ყოფილიყო. უკვე მომდევნო წელს, კონფერენციამ უფრო მასშტაბური ხასიათი მიიღო და მას ახალი ქვეყნები და უნივერსიტეტები დაემატნენ.
კონფერენცია ორდღიანია და ხვალ მისი მონაწილეები კახეთის რეგიონს ეწვევიან.