„17 ათას ლარამდე თანხა მომპარეს ანგარიშიდან, ბანკი კი ყველანაირ პასუხისმგებლობას იხსნის“ - საბანკო ანგარიშებზე შეტევა გრძელდება

„ონლაინ თაღლითებმა საბანკო ანგარიშიდან 17 ათას ლარამდე თანხა მომპარეს, ბანკი კი ყველანაირ პასუხისმგებლობას იხსნის“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ერთ-ერთმა დაზარალებულმა განუცხადა, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს და აღნიშნავს, რომ ბოლო ორ თვეში კიბერდანაშაულის მსხვერპლი მის გარდა კიდევ 300-მდე ადამიანი გახდა.

გელა გურული თავად დაგვიკავშირდა და დეტალურად მოგვიყვა, თუ როგორ გახდა კიბერთავდასხმის მსხვერპლი. მისი თქმით, თაღლითობა „საქართველოს ბანკის“ ყალბი გვერდის საშუალებით მოხდა.

„სოციალურ ქსელში ამომიგდო რეკლამა, რომ „საქართველოს ბანკს“ ჰქონდა გათამაშება. იქიდან გამომდინარე, რომ მსგავსი თამაშობები სხვა ბანკებსაც ჰქონიათ, ეჭვი არ შემპარვია და გადავედი რეკლამის ლინკზე. ასე აღმოვჩნდი „საქართველოს ბანკის“ იდენტურ გვერდზე. მომთხოვა ინტერნეტ ბანკში შესვლა და SMS-იც მომივიდა „საქართველოს ბანკის“ ნომრიდან - 4444-დან, რის გამოც ეჭვი არ შემპარვია, რომ ყალბი გვერდი იყო. სწორედ ამ სქემის შედეგად ჩაიგდეს ხელში ჩემი ინტერნეტ-ბანკი. შეცვალეს ფინანსური ნომერი (მობილურის ნომერი) და მთლიანი თანხა - 16 690 ლარი მოხსნეს ანგარიშიდან. გარდა ამისა, საკრედიტო ბარათიდან გადარიცხეს 1 023 ლარი, რომლითაც „სოკარ გაზის“ სააბონენტო გადაიხადეს, თუმცა, რამდენიმე დღეში ეს თანხა „სოკარმა“ დამიბრუნა. ხოლო 16 690 ლარი დაკარგულია.

როგორც აღმოჩნდა, თანხა იმავე „საქართველოს ბანკში“ ფიზიკური პირის ანგარიშზეა გადატანილი. ბანკთან ჩემი იურიდიული წარმომადგენელი მივაგზავნე, ხოლო ორი კვირის შემდეგ პირადადაც დამიკავშირდნენ ბანკის წარმომადგენლები და მითხრეს, რომ თავად არიან დაზარალებული და ამ ეტაპზე თანხის ანაზღაურება არ იგეგმება. ამავე საუბრისას ირიბად ითქვა, რომ ჩემ გარდა კიდევ 300-მდე ადამიანი იყო დაზარალებული,“- აცხადებს გურული.

როგორც გურული ჩვენთან საუბრისას აცხადებს, კიბერდანაშაულთან დაკავშირებით, 19 მარტს ბანკის მიმართვის საფუძველზე ისანი-სამგორის განყოფილებამ გამოძიება დაიწყო, 25 მარტს კი ბანკმა მოქალაქეებს ინტერნეტ-ბანკით შეატყობინა საფრთხის შესახებ, თუმცა თავად ეს შეტყობინება არ უნახავს. მისივე თქმით, ბანკმა დაუდევრობა გამოიჩინა, როდესაც საკუთარი კლიენტები მხოლოდ ინტერნეტ-ბანკით გააფრთხილა.

„როდესაც ბანკს - სესხის თუ სხვა რამე აქცია აქვს, შეტყობინება პირად მეილზე მომდის და მაინტერესებს, რატომ არ ჩათვალა ბანკმა საჭიროდ, რომ მსგავსი საფრთხების შესახებ ინფორმაცია იგივე საშუალებით მოეწოდებინა. ამასთან, ჩემი თანხის მოპარვა კვირა საღამოს, 7 აპრილს მოხდა. დაახლოებით, ერთი საათის შემდეგ დავრეკე ბანკში და შევატყობინე ამის შესახებ, მაგრამ მითხრეს, რომ არასამუშაო დღე იყო და საქმის მოკვლევას ორშაბათს დაიწყებდნენ. ანუ ბანკმა ფაქტზე რეაგირება მხოლოდ - 15 საათის შემდეგ დაიწყო. ამ შემთხვევაშიც მიჩნდება კითხვა - თუ ბანკმა მარტში იცოდა საფრთხეების/რისკების შესახებ და კლიენტებიც გააფრთხილა, რატომ არ შექმნა სპეცილური, ოპერატიული ჯგუფი, რათა მსგავს შემთხვევებზე დროულად მომხდარიყო რეაგირება, იქნებოდა ეს თანხების/ანგარიშების დაბლოკვა, სამართალდამცავი ორგანიზაციებისთვის მიმართვა თუ ა.შ.

მეტიც, უკვე ჩემი შემთხვევის შემდეგ, 11 აპრილს ბანკმა ელექტრონული ფოსტით მომწერა, რომ ფრთხილად ვყოფილიყავი. გარდა ამისა, ბანკმა გააუქმა ფინანსური ნომრის (მობილური ნომრის) დისტანციურად შეცვლის შესაძლებლობაც. ყველაფერი ეს კი 7 აპრილის შემდეგ მოხდა და საინტერესოა, რატომ არ განახორციელა ბანკმა ანალოგიური ქმედებები 19 მარტის შემდეგ, როდესაც კიბერდანაშაულის შესახებ შეატყობინა საგამოძიებო უწყებებს.

ვფიქრობ, „საქართველოს ბანკმა“ სათანადოდ არ შეაფასა არსებული სიტუაცია, რისკები და არც ჩვენი გაფრთხილება მოხდა სათანადოდ. ამიტომ უკვე შევიტანე სასამართლოში სარჩელი, რომელიც წარმოებაში მიიღეს. ბანკს რამდენიმე მუხლით ვედავები. არ შეიძლება, რომ საკუთარ თანხას ვანდობდე, ვინახავდე ბანკში და მთელი პასუხისმგებლობა მე მეკისრებოდეს, საფინანსო ორგანიზაცია კი ყველანაირ ვალდებულებას იხსნიდეს. ამის პარალელურად მიმდინარეობს გამოძიება და როგორც ვიცი, იდენტიფიცირებულია გარკვეული ჯგუფი, ვინც ამ ტიპის დანაშაულებზეა პასუხისმგებელი. ფაქტის შესახებ, რა თქმა უნდა, ეროვნულ ბანკსაც მივმართე და უკვე 1 თვეა სებ-ი მოკვლევას აწარმოებს,“ - აღნიშნა გურულმა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ორი თვეა ონლაინ თაღლითობასთან დაკავშირებით, საფინანსო ინსტიტუტები და ეროვნული ბანკიც აქტიურად საუბრობენ. მათ კიბერდანაშაულის შესახებ განცხადებებიც გაავრცელეს და მოქალაქეებს მოუწოდეს, რომ სიფრთხილე გამოეჩინათ.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ რამდენად არის ეს ქმედებები საკმარისი, ასევე დავინტერესდით უშუალოდ „საქართველოს ბანკის“ პოზიციითაც გელა გურულის საქმეზე, თუმცა ბანკში მხოლოდ ის თქვეს, რომ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებზე ვერ ისაუბრებდნენ.

„ბიზნესპრესნიუსი“ ბანკის კომენტარს უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს ბანკმა მომხმარებლის ინფორმირება სოციალური ქსელის მეშვეობით ჯერ კიდევ 19 მარტს დაიწყო, ასევე 25 მარტს მოხდა მომხმარებლის დამატებითი ინფორმირება მობაილბანკის ე.წ.“ფუშ-ნოტიფიკაციების“ მეშვეობით. აპრილში კი დაიწყო აქტიური კამპანია ბანკის ყველა საკომუნიკაციო რესურსის გამოყენებით. თუმცა, ამის მიუხედავად, გელა გურული კიბერდანაშაულის მსხვერპლი გახდა. რის შედეგადაც მან, სამწუხაროდ, თავად გააზიარა საკუთარი საბანკო მონაცემები, რითიც ე.წ.-მა ფიშერებმა ისარგებლეს. გელა გურულთან დაკავშირებით ამ ეტაპზე აღძრულია საქმე, მიმდინარეობს გამოძიება. როგორც ჩვენთვის ცნობილია, პროკურატურამ გააკეთა განცხადება, რომ კომპლექსური, გლობალური მასშტაბით მოქმედი, ორგანიზებული კიბერდანაშაულის ქსელის წევრები იდენტიფიცირებულნი არიან. მათი ნაწილი კი დაკავებული,“-აცხადებენ ბანკში.

კიბერდანაშაულის შემთხვევების ზრდაზე ოფიციალური სტატისტიკაც მეტყველებს. კერძოდ, შს სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში კომპიუტერული დანაშაული წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 211.11%-ით არის გაზრდილი. კერძოდ, მიმდინარე წლის 1-ელ 3 თვეში ამ დანაშაულის სულ 476 შემთხვევა დარეგისტრირდა, საიდანაც მხოლოდ 11 საქმეა გახსნილი.

თაია არდოტელი