გმირთა მოედანზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება იგეგმება.
კერძოდ, მოედნის მიწისქვეშა გზაგამტარის რეაბილიტაციის მიზნით დედაქალაქის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.
სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 13 ივნისს დაიწყება და 18 ივნისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 3 953 094 ლარია.
„საბოლოო მდგომარეობით გმირთა მოედნის სატრანსპორტო კვანძი იკვეთება სამ დონეზე და თავისი დანიშნულებით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია თბილისში. სატრანსპორტო კვანძის ქვედა დონეს წარმოადგენს არსებული მიწისქვეშა გზაგამტარი (გვირაბი და პანდუსები). გმირთა მოედანზე ჩატარებულმა მასშტაბურმა სამშენებლო სამუშაოებმა და 2015 წლის 13 ივნისს თბილისში მომხდარმა წყალდიდობამ ზეგავლენა მოახდინა მიწისქვეშა გზაგამტარის ნაგებობაზე და არსებული მდგომარეობით მიწისქვეშა გზაგამტარი რეაბილიტაციას საჭიროებს.
ტექნიკური დავალება ითვალისწინებს მიწისქვეშა გზაგამტარის საკვლევაძიებო სამუშაოებს, რომლის საფუძველზეც უნდა განხორციელდეს გამოვლენილი დაზიანებების და დეფექტების რეაბილიტაციის ღონისძიებების შემუშავება.
საარქივო მასალების და ადგილზე შესწავლის საფუძველზე, პროექტში გათვალისწინებულია შემდეგი ღონისძიებები:
როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, მიმწოდებელი ვალდებულია, საჭიროების შემთხვევაში, მოთხოვნის შესაბამისად ობიექტზე სამუშაოები აწარმოოს 24 საათიან რეჟიმში. ამასთან, წერილობითი დავალების შესრულების დაწყებამდე მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურთან შეათანხმოს სატრანსპორტო უსაფრთხოების სქემა.
ამასთან, დოკუმენტაციის თანახმად, სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოება ავტოსატრანსპორტო ნაკადების შეწყვეტის გარეშე, ადგილობრივი რეგულაციების შემოღებით განხორციელდება. კალენდარული გრაფიკის მიხედვით, მშენებლობის საერთო საორიენტაციო ხანგრძლივობა 80 დღეს შეადგენს.