საქართველოში, ისრაელის "სილიკონ ვადის" ინვესტორები ქართული სტარტაპების დასაფინანსებლად „სილიკონ ველი თბილისში” ჩამოვიდნენ.
სტარტაპების შესარჩევი კონკურსი „გლობალური სტარტაპ ფონდის“ ოფიციალური გახსნით დაიწყო. ფონდი ყოველწლიურად, ქართული სტარტაპების დაფინანსებას და საერთაშორისო ბაზრებზე კომერციალიზაციას განახორციელებს. ფონდის პრეზენტაციას ისრაელის მოწინავე ტექკომპანიების დამფუძნებლები და ინვესტორები, ისრაელის საელჩო საქართველოში, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, ქართველი მეწარმეები და სტარტაპები და სხვა მრავალი სტუმარი დაესწრო.
100-მდე დარეგისტრირებული სტარტაპიდან, შერჩეულ 10-ს მიეცა შესაძლებლობა, შეხვედროდნენ ინვესტორებს და შემდგომი თანამშრომლობის პირობებზე ესაუბრათ. 10 სტარტაპის წარმომადგენელმა საკუთარი წამოწყების პრეზენტაცია ჩაატარა, ინვესტორებს კი საშუალება მიეცათ, მათგან საუკეთესო შეერჩიათ. წარმატებულ ინვესტორებს შორის იმყოფებოდა ისრაელში დაფუძნებული საერთაშორისო ელექტრონული კომერციის პლატფორმის Wix.com-ის წარმომადგენელი, ბოაზ ინბალი, რომელმაც აუდიტორიას კომპანიის მოკლე ისტორია და განვითარების გზები გააცნო.
„გლობალური სტარტაპ ფონდის“ გახსნაზე სიტყვით გამოვიდა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი. მისი თქმით, ფონდის გახსნის დღე იქნება დასაწყისი იმ გლბალური პროექტებისა, რომელიც შეიძლება, საქართველოში დაიბადოს, ერთობლივ თანამშრომლობაში გაფართოვდეს და გლობალურ ბაზარზე გავიდეს.
„ვფიქრობ, საქართველოსთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. დაახლოებით, 1 წლის წინ ფუნქციონირება დაიწყო ისრაელის ტექნოლოგიურმა ჰაბმა და ვფიქრობ, ეს ტექნოლოგიების სფეროში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, წარმატებული პროექტი იქნება, რადგან ეს არის საუკეთესო ნიმუში, როგორ შეიძლება, ქართველი ახალგაზრდები გადამზადდნენ, მიიღონ ყველაზე თანამედროვე ცოდნა ტექნოლოგიების სფეროში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დასაქმდნენ ისეთ საერთაშორისო, გლობალურ პროექტებში, რომელშიც დღეს ათეულობით ადამიანი უკვე ჩართულია.
ახლა იწყება უმნიშვნელოვანესი ეტაპი, რომელშიც იგლისხმება ერთობლივი სტარტაპ ფონდის დაარსება, რაც ჩვენი ახალგაზრდების, სტარტაპების დაფინანსებისთვის არის. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქართული იდეების, ქართული ბიზნეს პროექტების გატანა გლობალურ ბაზარზე. ასეთი პროექტების განხორციელება თავისთავად წარმოუდგენელია საერთაშორისო თანამშრომლობის გარეშე და ძალიან მოხარულები ვართ, რომ ფონდი ფუძნდება. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ფუძნდება ისრაელის მხარესთან, რომელიც არის ერთ-ერთი წარმატებული მაგალითი, როგორ შეიძლება ხდებოდეს იდეების კომერციალიზაცია და იდეები იქცეს მსოფლიო იდეებად, რომლის უამრავი მაგალითი არსებობს“, - აღნიშნა მან.
ისრაელის სილიკონ ვადის ინვესტორების მიერ, კაპიტალის ინვესტირება განხორციელდება ნებისმიერ ეტაპზე მყოფ სტარტაპში, რომელიც მუშაობს აქტუალური ტექტრენდების ინდუსტრიაში: ხელოვნური ინტელექტი, კიბერუსაფრთხოება, ციფრული მედია, ელექტრონული კომერცია, მობილური აპლიკაციები, ფინტექი, P2P პლატფორმები, ვირტუალური და გაფართოებული რეალობა, თამაშების ინდუსტრია, ნივთების ინტერნეტი IoT, ბლოკჩეინი.
განიხილება აგრეთვე სხვა ინდუსტრიებში არსებული, გამორჩეული და ინოვაციური სტარტაპების დაფინანსების შესაძლებლობებიც.
ფონდის პრეზენტაცია „ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში“ ჩატარდა, რომელიც სტარტაპების მიმართულებით რამდენიმე პროექტს ახორციელებს. უნივერსიტეტის რექტორის, ანდრო რურუას ინფორმაციით, „ბიზნესის და ტექნოლოგიების“ უნივერსიტეტი პროექტის ფარგლებში განათლების კომპონენტის მიწოდებას ახორციელებს.
„100 სტარტაპიდან შევარჩიეთ 10, რომლებმაც თავიანთი იდეები წარუდგინეს პოტენციურ ინვესტორებს. ამის შემდეგ ინვესტორები თვითონვე შეარჩევენ სტარტაპებს. მთავარი არის ის, რომ ეს პროექტი სტარტაპებისთვის ფინანსებზე წვდომას გულისხმობს და არის კომეციალიზაციის პოტენციალი არამხოლოდ საქართველოს, არამედ საერთაშორისო ბაზარზე“, - აღნიშნა ანდრო რურუამ.
გლობალური სტარტაპ ფონდის მხარდამჭერია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, რომელიც აგრეთვე განიხილავს შერჩეული სტარტაპების დაფინანსების შესაძლებლობებს, Dollar to Dollar Basis ინიციატივის შესაბამისად, 650 000 ლარის ფარგლებში.
გლობალური სტარტაპ ფონდის მხარდამჭერია ისრაელის ტექჰაბი საქართველოში, რომელიც შერჩეული სტარტაპებისთვის უზრუნველყოფს 30,000$-ს ღირებულების საკონსულტაციო და ტექსერვისებს.