„ანაკლიის კონსორციუმი“ ინფორმაციაზე, რომ ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვა გაიცა - თუ მთავრობის მხრიდან ამას არ მოჰყვა რადიკალური რეაგირება, ანაკლიის პორტის პროექტი შეჩერდება

თუ მთავრობის მხრიდან ამ ფაქტს არ მოჰყვა მყისიერი და რადიკალური რეაგირება, ანაკლიის პორტის პროექტი შეჩერდება, - ამ განცხადებით ეხმაურება „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვა გასცა.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის განცხადებას“ უცვლელად გთავაზობთ:

„დღეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით შევიტყვეთ ამა წლის 2 მაისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ქალაქ ფოთში “ ახალი ღრმაწყლოვანი, მრავალფუნქციური ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ. (ნებართვა გაცემულია „სს კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ – „ეიპიემ ტერმინალსის“ შვილობილი კომპანიის სასარგებლოდ) „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“, მისი პარტნიორებისა და ინვესტორებისთვის ეს ინფორმაცია შოკისმომგვრელია, რადგან აღნიშნული ბრძანება გაიცა 2 მაისს, ხოლო 21 მაისს მთავრობამ კონსორციუმთან ერთად მოლაპარაკებები გამართა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან (EBRD, ADB, AIIB და OPIC თან) ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის დაფინანსების თაობაზე და ამ ფაქტის შესახებ მთავრობის მხრიდან არანაირი ინფორმაცია არ გაჟღერებულა. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ საერთაშორისო პარტნიორების მიერ უკვე გამოითქვა მწვავე შეფასებები აღნიშნულ ფაქტთან და მის დამალვასთან დაკავშირებით. შესაბამისად, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ და ანაკლიის პორტის პროექტში მონაწილე მხარეები მიიჩნევენ, რომ თუ მთავრობის მხრიდან ამ ფაქტს არ მოჰყვა მყისიერი და რადიკალური რეაგირება, ანაკლიის პორტის პროექტი შეჩერდება“- ნათქვამია კონსორციუმის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძე - ანაკლიის პორტი შეჩერების პირასაა!