ასეთი ინსტიტუციური რყევები და გაუაზრებელი განცხადებები, ფარული ნებართვები სწორედ მთავრობის მიმართ ინვესტორებში უნდობლობას იწვევს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილემ ლევან ბოძაშვილმა ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის გარშემო განვითარებული მოვლენების და ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადების კომენტირებისას განუცხადა.
როგორც ლევან ბოძაშვილი განმარტავს, მართალია ეკონომიკის სამინისტროს ერთ-ერთი სააგენტოს ხელმძღვანელი მიღებული გადაწყვეტილების გამო გაათავისუფლეს, თუმცა ეს კიდევ უფრო აღრმავებს ინვესტორების უნდობლობას მთავრობის მიმართ.
„ასეთი ინსტიტუციური რყევები და გაუაზრებელი განცხადებები, ფარული ნებართვები სწორედ მთავრობის მიმართ ინვესტორებში უნდობლობას იწვევს, ამიტომაც ითხოვენ ინვესტორები ტვირთების მოძრაობაზე გარანტიებს, რომ არსებობს მთავრობის მიმართ არათანმიმდევრულობის განცდა და უნდობლობა. მართალია, მთავრობამ სსიპ-ის ხელმძღვანელი გაათავისუფლა და დოკუმენტი გააუქმა, მაგრამ ეს განცდა კიდევ უფრო გაამძაფრა. ამიტომაც, ანაკლიის შემთხვევაში მთავრობამ აუცილებლად უნდა მოახდინოს საკუთარი ტურბულენტურობის გაქარწყლება, სტრატეგიული პროექტის განსახორციელებლად ინვესტორებისა და ბანკების მხრიდან სამართლიანად მოთხოვნილი გარანტიების გაცემით“, - აცხადებს ბოძაშვილი.
მისივე თქმით, თუ მთავრობას სურს ანაკლიის პორტის აშენება, კონსორციუმს მშვიდად მუშაობა უნდა აცადოს.
„თუ ხელისუფლებას რეალურად სურს ანაკლიის პორტის აშენება, მან ტვირთბრუნვის დაზღვევის შესახებ ინვესტორების მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილოს. ეს უნდა გაკეთდეს დღეს და ხვალ, იმისთვის, რომ გაქარწყლდეს ყველა ეჭვი, რომ ეს პროცესი ანაკლიის წინააღმდეგ იყო მიმართული. აქ არაა საუბარი კომერციულ რისკებზე, ეს პასუხისმგებლობა უნდა აიღოს მთავრობამ, როგორც ეს ხდება ნავთობსადენისა და სხვა დიდი პროექტების შემთხვევაში. ამ გეოპოლიტიკურ გარემოში, რომელიც არის რეგიონში, სხვანაირად, მთავრობის მიერ მსგავსი პასუხისმგებლობის აღების გარეშე, არ ხდება ამ საკითხების მოგვარება,“-აცხადებს ბოძაშვილი.
შეგახსენებთ, გუშინ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ განცხადება გაავრცელა.
დღეს ამ საკითხზე განმარტება გააკეთა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. ნათია თურნავას განცხადებით, ფოთში ახალ ღრმაწყლოვან ნავსადგურთან დაკავშირებით გაცემული დოკუმენტი გაუქმებულია. როგორც ნათია თურნავამ განაცხადა, ასევე თანამდებობიდან გადაყენებულია მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი, რომელმაც აღნიშნული ნებართვა გასცა.