„არ გამოვრიცხავ, ნეპოტიზმის, კორუფციული გარიგების მომენტი იყოს - ძალიან აირია სიტუაცია"

„ნათია თურნავას განცხადებიდან გამომდინარე, არ გამოვრიცხავ, აქ იყოს ნეპოტიზმის, კორუფციული გარიგების მომენტი“, - ამის შესახებ „საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელმა, გიორგი კეპულაძემ განაცხადა.

მან ფოთის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან დაკავშირებულ მოვლენებზე „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „ნიუსრუმი“ ისაუბრა.

„ასეთი გადაწყვეტილების მიღება, როცა 20 კილომეტრში უკვე დაწყებულია პროექტი, ცოტა უცნაურია. თუმცა, ნათია თურნავას განცხადება პრინციპში ამას ნათელს ჰფენს, არ გამოვრიცხავ, აქ იყოს რაიმე ნეპოტიზმის ან კორუფციული გარიგების მომენტი, როდესაც ვთქვათ, ეკონომიკის სამინისტროს ერთ-ერთი სააგენტოს ხელმძღვანელმა გასცა მიწათსარგებლობის ნებართვა. ზოგადად, ძალიან აირია სიტუაცია და როგორც იტყვიან, ასეთი ხმაური ფულს არ უყვარს. მითუმეტეს, საერთაშორისო ბანკები საქართველოში პროექტებს არ აფინანსებენ იმის გამო, რომ ვიღაც სახეზე მოსწონთ ან მასთან მეგობრული ურთიერთობა აქვთ. ისინი ძალიან ცივსისხლიანად აფასებენ პროექტებს და თუ მთავრობის მხრიდან გარკვეული გარანტიების მიცემაა საჭირო, ამ გარანტიებს აუცილებლად ითხოვენ. როდესაც პარალელურად მსგავსი პროცესები ვითარდება, ეს აფერხებს ინვესტიციებს ქვეყანაში. იმედი მაქვს, ამ გაურკვევლობიდან გამოვალთ, რადგან შეთქმულების თეორიის ამბებიც მომივიდა თავში - 19-ში ზუგდიდში არჩევნები იყო და შეიძლება, ამიტომ დამალეს და მერე იმიტომ გახმაურდა, არ ვიცი“, - განაცხადა კეპულაძემ.

მანვე ისაუბრა გადაწყვეტილების გაუქმებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მოვლენა ბევრ კითხვის ნიშანს ტოვებს.

„თან დღეს გააუქმეს ეს გადაწყვეტილება, როდესაც ხმაური ატყდა. ნათია თურნავა რომ მოვიდა, ერთ-ერთი პირველი, რასაც გაიგებდა და მოიკითხავდა, ალბათ, ეს თემა იყო. არ მიყვარს შეთქმულების თეორიები და ვარაუდების დაშვება, მაგრამ ფაქტია, რომ ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება. ბრალეულობის გამოკვეთაზე კი არ ვსაუბრობთ, არამედ იმაზე, რომ ძალიან კარგად იციან მთავრობაში, მსგავსი მოქმედებები არ უხდება საერთაშორისო ბანკებთან, ინვესტორებთან ურთიერთობას, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. მთელი სამეგრელო იმედით შეჰყურებს ამ პროექტს და უამრავი ადამიანი, ეს ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც რეგიონზეა საუბარი, გასაგებია, რომ შეიძლება, ფოთშიც იყოს პორტი, არავინ ამბობს, რომ ფოთში პორტი უნდა გაუქმდეს. აქ საუბარია იმაზე, რომ ჩვენ უფრო დიდი პორტი გვჭირდება იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ იმ ტვირთების გატარება, რისი რეალური პოტენციალიც არსებობს ჩვენს ქვეყანაში“, - აღნიშნა „საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელმა.

კითხვაზე, რამ აიძულა ხელისუფლება, უკან დაეხია, კეპულაძემ აღნიშნა, რომ ეს ანაკლიის პორტის პოლიტიკური ფასია.

„ერთადერთი რამ, რაც პოლიტიკოსებს აიძულებს, ან ნაბიჯი გადადგან, ან უკან დაიხიონ, ეს არის საზოგადოების აზრი, საზოგადოების განწყობა და პოლიტიკური ფასი. ძალიან ძვირი პოლიტიკური ფასი ექნება ანაკლიის პორტის გაჩერებას „ქართული ოცნებისთვის“, მათ ძალიან გაუჭირდებათ ახსნა, თუ რატომ ჩავარდა ეს პროექტი. შესაძლებელია, მათ მოინდომონ კონსორციუმზე პასუხისმგებლობის გადაბარება, მაგრამ ამას აქვს ძალიან ძვირი პოლიტიკური ფასი, შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, ეს ძალიან კარგად ესმით „ქართულ ოცნებაში“ და კარგად ესმით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ანაკლიის პორტი და იგივე, ნათია თურნავას განცხადებაშიც იყო ხაზგასმული ამ პორტის და ამ პროექტის, ქალაქ ანაკლიის მშენებლობის პროექტის მნიშვნელობაც ქვეყნისთვის, როგორც ეკონომიკური, ასევე უსაფრთხოების კუთხით. იმედი მაქვს, მიჰყვებიან იმ გეგმას, რაც გულისხმობს ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის აშენებას და შემდეგ ქალაქ ანაკლიის მშენებლობასაც და იქ უამრავი ადამიანის დასაქმებას“, - განაცხადა კეპულაძემ.

„თუ მთავრობას მართლაც სურს ანაკლიის პორტის აშენება, მან კონსორციუმს მშვიდად მუშაობა უნდა აცადოს"
ვინ არის გრიგოლ კაკაურიძე, რომელმაც ფოთის ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის წინასწარ ნებართვას ხელი მოაწერა
„მნიშვნელოვანია, დასახელდეს და დაისაჯოს, ვინ არის დამკვეთი და ვინ ლობირებდა ანაკლიის პორტის საბოტაჟის ტოლფასი გადაწყვეტილების მიღებას"