„ჩვენს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომ ახალ ღრმაწყლოვან ნავსადგურთან დაკავშირებულ დოკუმენტს ეკონომიკის მინისტრი აწერს ხელს, ტექნიკური ხარვეზი იყო"

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის განმარტებით, მათ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომ ფოთში ახალ ღრმაწყლოვან ნავსადგურთან დაკავშირებით გაცემული დოკუმენტს ხელს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აწერდა, ტექნიკური ხარვეზი იყო.

როგორც ფოთის მუნიციპალიტეტში განაცხადეს, მათ საიტზე თავდაპირველად განთავსებული ინფორმაცია ტექნიკურ ხარვეზს უკავშირდება და შემდეგ მოხდა მისი ჩასწორება.

„ბრძანება როდესაც შემოვიდა, ვნახეთ, რომ ეს იყო ეკონომიკის სამინისტროს სსიპ-ის მიერ გამოცემული და შემდეგ შევიტანეთ ვებგვერდზე არსებულ ინფორმაციაში ცვლილება,“- აცხადებენ ფოთის მუნიციპალიტეტში.

კითხვაზე, თუ ბრძანება არ ჰქონდათ ნანახი თავდაპირველად, რის საფუძველზე დაიწერა ინფორმაცია და ბრძანების ავტორის ვინაობა, ფოთის მუნიციპალიტეტში განმარტავენ, რომ ეს ინფორმაცია კომპანია „ეიპიემ ტერმინალსაც“ ჰქონდა გავრცელებული.

„ეიპიემ ტერმინალსაც“ ჰქონდა ინფორმაცია გავრცელებული. ჩვენს „ფეისბუქ“ გვერდზე მაშინვე მოხდა ჩასწორება და იქ თავიდანვე იყო ინფორმაცია, რომ ეს ბრძანება გაცემული იყო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ. ჩვენს ვებგვერდს რაც შეეხება, აქ მოხდა ჩასწორება, ეს იყო ტექნიკური ხარვეზი და ამჟამად არის ის ინფორმაცია, რომელიც ოფიციალურია,“-აცხადებენ ფოთის მუნიციპალიტეტში.

ცნობისთვის, 28 მაისს, ფოთის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ ფოთში ახალი ნავსადგურის მშენებლობა იწყებოდა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2 მაისის # 77-04 ბრძანების თანახმად დამტკიცდა ფოთში, საზღვაო ნავსადგურის ჩრდილოეთით ახალი ღრმაწყლოვანი მრავალფუნქციური ნავსადგურის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. თუმცა მოგვიანებით, ეს ინფორმაცია დაკორექტირდა და ამჟამად მასში აღნიშნულია, რომ ბრძანების ავტორი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოა.

შეგახსენებთ, გუშინ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ განცხადება გაავრცელა, რასაც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ განცხადება მოჰყვა. როგორც კონსორციუმი განმარტავს, საკითხის შესახებ არ იყვნენ ინფორმირებულნი და თუ მთავრობის მხრიდან ამ ფაქტს არ მოჰყვა მყისიერი და რადიკალური რეაგირება, ანაკლიის პორტის პროექტი შეჩერდება.

დღეს საკითხს გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა. მისი განცხადებით, თანამდებობიდან გადაყენებულია მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი გრიგოლ კაკაურიძე.

როგორც მინისტრი განმარტავს, ის დოკუმენტი, რაც ფოთში ღრმაწყლოვან ნავსადგურთან დაკავშირებით "ეიპიემ ტერმინალს ფოთმა" მიიღო, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ დარღვევებით გაიცა, შესაბამისად სააგენტოს ხელმძღვანელი გრიგოლ კაკაურიძე თანამდებობიდან გათავისუფლებულია.

მამუკა ხაზარაძე ფოთის პორტზე - როცა ბუზისგან სპილო იქმნება იმიტომ, რომ რაღაც გადაიფაროს, ეს უკვე სხვა თემაა
„არ გამოვრიცხავ, ნეპოტიზმის, კორუფციული გარიგების მომენტი იყოს - ძალიან აირია სიტუაცია"
„თუ მთავრობას მართლაც სურს ანაკლიის პორტის აშენება, მან კონსორციუმს მშვიდად მუშაობა უნდა აცადოს"