ფოთისა და ანაკლიის პორტების შესაძლო კონკურენციაზე თიბისი ბანკის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ჯერ კიდევ 2019 წლის მარტში ისაუბრა. მაშინ „კვირის პალიტრა“ მამუკა ხაზარაძისგან დაინტერესდა, რამდენად გამოუჩნდება ანაკლიის პორტს ფოთის პორტი სახით კონკურენტი, რა პროექტშიც ასევე ოპიკია (კერძო ინვესტირების საერთაშორისო კორპორაცია) ჩართული, ხაზარაძემ უპასუხა:
„ძალიან საინტერესო ისტორიას მოგიყვებით: ყველაზე მთავარი პორტის საქმიანობაში ოპერატორი კომპანიის მოძიებაა. ჰოლანდიელებმა, რომლებიც ჩვენი კონსულტანტები არიან ამ პროექტში, საერთაშორისო ტენდერი ჩაგვატარებინეს და გამოვავლინეთ გამარჯვებული - სინგაპურის პორტის ადმინისტრაცია, რომელიც ყველაზე დიდია მსოფლიოში. მათთან მოვილაპარაკეთ, პროექტი მოეწონათ, ინვესტიციაზე აიღეს ვალდებულება, ჩაატარეს დიუ-დილიჯენსი (საინვესტიციო ობიექტის დეტალურად შესწავლა რისკების თავიდან ასაცილებლად. - ავტ.) და ბოლოს თქვეს, რომ სჭირდებათ 5-წლიანი ექსკლუზივი. ამ პერიოდში სხვა ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვა არ იქნებოდა გაცემული (აქ არ იყო ლაპარაკი არსებული პორტის გაღრმაწყლოვანებაზე).
მთავრობას მაშინ ჩვენ ბევრი მაგალითი წარვუდგინეთ, როცა ახალი პორტის მშენებლობისას ძველი პორტის მფლობელი კომპანია იწყებს პიარსვლებს, რაში გჭირდებათ ახალი პორტი, როცა შემიძლია უკვე არსებულის გადაიარაღება მოვახდინოო. ხშირად ასეთ დროს აღარც ახალი პორტი შენდება, რადგან ინვესტორს ამ პირობებით ვეღარ იზიდავ და აღარც ძველის გადაიარაღება გამოსდის, საბოლოოდ კი ასეთი ქვეყნები პერსპექტივის გარეშე რჩებიან. თუმცა მაშინ მთავრობამ ამაზე გვიპასუხა, რომ ეს იქნებოდა კონკურენციის შეზღუდვა და საერთაშორისო კომპანიებს, რომლებიც ჩვენს პორტებში ოპერირებენ, ამის გამო შეეძლოთ ხელისუფლებისთვის ეჩივლათ. მოკლედ, ბევრი საუბრის შემდეგ ჩვენ მიერ შერჩეულმა პორტის ოპერატორმა მოითხოვა, რომ სახელმწიფოს 600 მილიონიდან 200-ის თანაინვესტირება მოეხდინა. ამ საკითხზე შევხვდი ბიძინა ივანიშვილსა და დიმიტრი ქუმსიშვილს. შევთანხმდით, რომ სახელმწიფო გამოყოფდა 100-მილიონიან საკრედიტო ხაზს, რომელსაც საპარტნიორო ფონდი მოიზიდავდა გარედან, ეს არ იქნებოდა ბიუჯეტის თანხა, და გვასესხებდა ჩვენ. თუმცა შერჩეული ოპერატორი კომპანიისთვის ეს პირობა მისაღები არ გამოდგა. აი, აქ კი აღმოვჩნდით ვაკუუმში და ამ დროს გამოჩნდა SSA MARINE - ცნობილი და სერიოზული კომპანია, რომელიც ჩვენი ოპერატორი გახდა.
ფოთში ერთ-ერთი ტერმინალის 12 მეტრით დაღრმავება არ ნიშნავს ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას“, - წერს გაზეთი „კვირის პალიტრა“.
ამასთან, მამუკა ხაზარაძის თქმით, ფოთის პორტის ღრმაწყლოვნობაზე საუბარი ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე პირდაპირი დარტყმა და დაკნინებაა.
„ბევრი რამ ემთხვევა ერთმანეთს. თვითონ იმ ბანკირებსაც, რომლებიც ფოთის პორტსაც აფინანსებენ და ჩვენთან მუშაობენ, ცოტა არ იყოს, გაუკვირდათ, როცა ფოთის პორტის გაღრმაწყლოვანებაზე პრესრელიზები ნახეს. 50 მილიონად პორტი ვერ აშენდება. მე მივესალმები ნებისმიერი ბიზნესის გადაიარაღებას, მაგრამ როცა ბუზისგან სპილო იქმნება იმიტომ, რომ რაღაც გადაიფაროს, ეს უკვე სხვა თემაა. ამის მიზანი იმ აზრის დამკვიდრებაა, თუ ანაკლია არ აშენდება, აგერ ფოთიც შეასრულებს ამ ფუნქციასო. სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა: ფოთის პორტი ვერ შეასრულებს იმ ფუნქციას, რაც ანაკლიას აკისრია. ბანკებმა რამდენიმე თვის წინ გამართულ შეხვედრაზე პირდაპირ დასვეს საკითხი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, პირდაპირ და მკაფიოდ გვითხარით ყველაფერი ფოთის პორტზეო. სხვათა შორის, ეს ერთ-ერთი პუნქტია ზემოთ ხსენებული რვიდან. არ შეიძლება თან ანაკლიას აშენებდე, თან ასე აპიარებდე ფოთის პორტს, ახალ პორტს ვაშენებთო. ეს ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე პირდაპირი დარტყმა და დაკნინებაა,“ - აცხადებდა მამუკა ხაზარაძე გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.