„2 მაისს ფოთის პორტის პროექტზე ნებართვის გაცემა, ცხადყოფს, რომ როგორც ქვეყნის შიგნით - ხელისუფლებაში, ისე ქვეყნის გარეთ, არსებობენ ძალები, რომლებიც მიზანმიმართულად იბრძვიან, რათა ანაკლიის პორტის პროექტს ხელი შეუშალონ“.
ამის შესახებ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„გუშინ გვიან ღამით გვირეკავდნენ ჩვენი პარტნიორები, ბანკები. ისინი შოკირებული იყვნენ და გამოთქვამდნენ დიდ შეშფოთებას, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ეს ნებართვა გაიცა 2 მაისს. ხოლო 21 მაისს როდესაც ისინი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ, ამასთან დაკავშირებით საერთოდ არაფერი თქმულა. ეს აზიანებს ინვესტორების ნდობის მომენტს, როგორც მთავრობის, ისე პროცესის მიმართ. ყველაფერი უნდა გააკეთოს მთავრობამ, რომ ეს ნდობა აღადგინოს", - აცხადებს ახვლედიანი.
შეგახსენებთ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ფოთში ახალ ღრმაწყლოვან ნავსადგურთან დაკავშირებით გაცემული დოკუმენტი გაუქმებულია. როგორც ნათია თურნავამ განაცხადა, ასევე თანამდებობიდან გადაყენებულია მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი, რომელმაც აღნიშნული ნებართვა გასცა.
ავტორი: ალექსანდრა ისპირიანი