დაუჯერებელია, რომ 28 დღის განმავლობაში ხელისუფლებაში ამის შესახებ არავინ არაფერი არ იცოდა, - ამის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა ფოთში ახალ ღრმაწყლოვან ნავსადგურთან დაკავშირებით ეკონომიკის მინისტრის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.
როგორც ლევან ახვლედიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, ცალსახაა, რომ არსებობენ ძალები, მათ შორის ხელისუფლებაში, რომლებიც ანაკლიის პორტის ხელის შეშლის მიზნით მიზანმიმართულ ნაბიჯებს დგამენ.
„მე გამოვრიცხავ, რომ ამაზე მთელი ხელისუფლების ძალისხმევა იყოს მიმართული, მაგრამ განვითარებული მოვლენები, ის, რომ 2 მაისს გაცემული ნებართვა ამდენი ხნის განმავლობაში იყო დაფარული, ცხადყოფს და ადასტურებს იმ ფაქტს, რომ არსებობენ ძალები, როგორც ქვეყნის შიგნით, ხელისუფლებაშიც, ისე ქვეყნის გარეთ, რომლებიც მიზანმიმართულად იბრძვიან, რომ ხელი შეუშალონ ანაკლიის პორტის პროექტს. ეს ცალსახაა“, - აცხადებს ახვლედიანი.
კითხვაზე, ვინ შიძლება ყოფილიყვნენ ის ადამიანები, რომლებიც ანაკლიის პორტის მშენებლობის შეჩერებით არიან დაინტერესებული, ახვლედიანმა განაცხადა, რომ კონკრეტული სახელებისა და გვარების დახასელებისგან თავს შეიკავებს.
ცნობისათვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ფოთში ახალ ღრმაწყლოვან ნავსადგურთან დაკავშირებით გაცემული დოკუმენტი გაუქმებულია. როგორც ნათია თურნავამ განაცხადა, ასევე თანამდებობიდან გადაყენებულია მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი, რომელმაც აღნიშნული ნებართვა გასცა.
„პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ ეს დოკუმენტი, რომელიც გაიცა, არ წარმოადგენს სამშენებლო ნებართვას. ეს არის ე.წ. მიწათსარგებლობის წინასწარი პირობების დოკუმენტი, რომელიც გაიცა ერთ-ერთი ჩვენი სააგენტოს კერძოდ, მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის ბრძანებით ისე რომ, ეს საკითხი არ ყოფილა შეთანხმებული არც ერთ მოქმედ მთავრობის წევრთან და არც ჩემთან პირადად“, - განაცხადა თურნავამ.
ავტორი: ალექსანდრა ისპირიანი