ადგილები თბილისში, სადაც ლითონის საფეხმავლო ხიდები მოეწყობა (+ფოტო)

დედაქალაქის მერია თბილისში რამდენიმე ადგილას ახალი ლითონის საფეხმავლო ხიდების მოწყობას გეგმავს.

ხიდების პროექტირება-მშენებლობის სამუშაოების შესყიდვის მიზნით, ტენდერი უკვე გამოცხადდა.

სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 16 ივნისს დაიწყება და 21 ივნისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 866 812 ლარია.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, წერილობითი დავალების შესაბამისად, მიმწოდებელი ვალდებულია, სამშენებლო სამუშაოები პარალელურად 3 ლოკაციაზე აწარმოოს. კერძოდ, დოკუმენტაციის მიხედვით, ხიდები კახეთის გზატკეცილზე (პეპელასთან) და აღმაშენებლის ხეივანზე „თეგეტა მოტორსისა“ და „ტოიოტას“ ცენტრის მიმდებარედ მოეწყობა.

რაც შეეხება სამუშაოს შესრულების ვადებს, შესყიდვის ობიექტის მიწოდება ორ ეტაპად უნდა განხორციელდეს. კერძოდ, პირველი ეტაპი გულისხმობს - დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის წარმოდგენას წერილობითი დავალების მიცემიდან 3 კვირის ვადაში, ხოლო კომენტარების მიღებიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) 14 დღის ვადაში შემსყიდველმა უნდა წარადგინოს პროექტი დაკორექტირებული სახით ექსპერტიზის დადებით დასკვნასთან ერთად, მეორე ეტაპი კი - სამშენებლო სამუშაოების შესაბამისი წერილობითი დავალების მიცემიდან 90 კალენდარულ დღეში დასრულებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის იანვარში თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ქვეითებისთვის განკუთვნილი ყველა საფეხმავლო ხიდის დემონტაჟი განხორციელდება. ეტაპობრივად მერიამ კონკრეტულ ლოკაციებზე არსებული ხიდების დემონტაჟი უკვე მოახდინა.

თაია არდოტელი