საქართველოში მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელების შრომის ანაზღაურება პრეზიდენტისა და პრემიერის ერთად აღებულ ხელფასზე ბევრად მაღალია.
თუ ამას მათი ოჯახის წევრების შემოსავალსაც დავუმატებთ, ხშირ შემთხვევაში მათი საერთო შემოსავალი წლიურად ნახევარ მილიონ ლარსაც აღწევს. ასეთია კომუნიკაციების მარეგილირებელი კომისიის თავმჯდომარის და მისი ოჯახის შემოსავალი.
უფრო კონკრეტულად, კახა ბექაურის მიერ 31 მაისს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, მან 2018 წელს მარეგულირებელ კომპანიაში მუშაობისას ხელფასის სახით აიღო - 202 021,17 ლარი, ხოლო მისმა მეუღლემ - ეკა ბერიძემ, რომელიც არის „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ კომუნიკაციების დირექტორი - 278 800 ლარის ხელფასი მიიღო.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, როგორია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავჯდომარე კახა ბექაურის ქონება.
როგორც 2019 წლის 31 მაისს შევსებული ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის წლიური ანაზღაურება 2018 წლის განმავლობაში 202021,17 ლარი იყო. ბოლოს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა 2018 წელს 180 კვ.მ-ის ბინა შეიძინა. გარდა ამისა, ბექაური ფლობს - 73,2 კვ. მეტრის და 44,05 კვ მეტრის ბინებს თბილისში. ასევე ფლობს 17,5 კვ. მეტრის ავტოფარეხს დუშეთში.
რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში სხვადასხვა ანგარიშზე - 14996.02 გირვანქა სტერლინგი, 1981 ევრო, 493204.6 ლარი და ჯამში 115649.7 დოლარი ჰქონდა.
ამასთან, დეკლარაციის მიხედვით, ბექაური ფლობს შპს „ორი ნაბიჯის“ 33,33%-იან; შპს „მეგაპოლის კლასიკის“ 40%-იან და შპს „სხვა არხის“ 100%-იან წილს.
მისი მეუღლე ეკა ბერიძე ფლობს, 92,3 კვადრატული მეტრის, 60 კვ. მეტრის, 21 კვ. მეტრის ბინებს თბილისში, ასევე 9.8 კვადრატული მეტრის არასაცხოვრებელი ფართს ლისი ვერანდაზე. გარდა ამისა, ბათუმში რუსთაველის ქუჩაზე 79,6 კვ.მ ბინისა და 12 კვადრატული მეტრის ავტოფარეხის მფლობელია. მას ეკუთვნის ასევე მსუბუქი ავტომობილი ტოიოტა RAV4.
ბერიძეს დეკლარაციის შევსების მომენტში სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე ჯამში, -1381 ლარი და 1765 დოლარი ჰქონდა. ამასთან, მისი წლიური ანაზღაურება 2018 წელს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ კომუნიკაციების დირექტორის თანამდებობაზე - 278800 ლარი იყო.