გორგასლის ქუჩის ორივე მიმართულების გზის სავალ ნაწილს მიწისქვეშ ჩაიტანენ.
გორგასლის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიის განვითარება თბილისის მერმა კახა კალაძემ ჯერ კიდევ მიმდინარე წლის თებერვალში დააანონსა. ახლა კი აღნიშნულთან დაკავშირებით, ტენდერიც გამოცხადდა.
კერძოდ, ვახტანგ გორგასალის ქუჩისა და მტკვრის სანაპიროს განვითარების კონცეფციის მომზადების მიზნით, ტენდერი 11 ივნისს გამოცხადდა. სატენდერო პირობების მიხედვით, წინადადებების მიღება 7 აგვისტოს დაიწყება და 12 აგვისტოს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 5 000 ლარია.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, საპროექტო ტერიტორია მდებარეობს მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მეტეხის ხიდიდან 300 არაგველის ხიდამდე და დაახლოებით 9 ჰექტარს მოიცავს.
„პროექტის მიზანია გორგასალის ქუჩის ორივე მიმართულების გზის სავალი ნაწილის ადგილზე რეკრეაციული სივრცის მოწყობა, სავალი ნაწილის მიწის ქვეშა გვირაბში მოთავსების ან რაიმე სხვა გადაწყვეტით; საპროექტო ტერიტორიაზე სარეკრეაციო სივრცის ფუნქციონირებისთვის მიზანშეწონილი, ასევე გარემოსთან შესაბამისი მასშტაბის საბაღე -საპარკო არქიტექტურის, მცირე ობიექტების ადგილმდებარეობისა და მოცულობის განსაზღვრა.
საპროექტო ტერიტორიაზე მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების დაკავშირება საფეხმავლო ხიდით ან სხვა საშუალებით. სანაპიროს საფეხმავლო ბულვარად თუ სარეკრეაციო სივრცედ გარდაქმნის შემთხვევაში არ უნდა მოხდეს ახალი განაშენიანების გაჩენა სანაპირო ზოლზე, რომელიც ჩაკეტავს ხედებს ხარფუხის ფერდიდან მეტეხის წარბისკენ. ხედები მტკვრის და კლდის მხარეს სარეკრეაციო სივრციდან უნდა იყოს მთლიანად გახსნილი განივი მიმართულებით, რათა დამსვენებელს საშუალება მიეცეს თავი ბუნებრივ გარემოში იგძნოს,“-აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.
ამასთან, როგორც დოკუმენტაციაშია აღნიშნული, საპროექტო არეალში დაუშვებელია არსებული ჯანსაღი ხეების მოჭრა; არსებული გამწვანებული ზედაპირის ფართობის შემცირება; ასევე ქუჩების სიგანის შემცირება სხვადასხვა კაპიტალური შენობა-ნაგებობების აშენების ხარჯზე.