მეტროსადგურ გოცირიძის გადახურვასა და რეაბილიტაციაზე გამოცხადებული ტენდერი არ შედგა.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ მეტროსადგურის რეკონსტრუქციის და კაპიტალური რემონტის სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტენდერი 21 მაისს გამოცხადდა, წინადადებების მიღება კი 11 ივნისს დასრულდა. სატენდერო პირობების თანახმად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2 045 650 ლარი იყო.
„ტექნოლოგიური პროცესი მოიცავს სადგურის ღია ბაქნის (პლატფორმის) გადახურვას ლითონის კვადრატული და მართკუთხა მილებისაგან შედგენილი სვეტების, შემკრავი კოჭების, დიაგონალური კავშირებისა და სხვა თანმდევი კონსტრუქციული ელემენტებით,“-აღნიშნული იყო სატენდერო დოკუმენტაციაში.
პროექტის თანახმად, გარდა გადახურვისა, დაგეგმილი იყო, მათ შორის - მეტროსადგურის ვესტიბიულში იატაკის მოწყობა ბუნებრივი გრანიტით, კედლისა და ჭერის დეკორატიული გაფორმება, ბაქანზე დასაჯდომების მონტაჟი და ა.შ.