ბრაზილიაში ბუნებრივი აირის უმსხვილესი საბადო აღმოაჩინეს

ბრაზილიაში ბუნებრივი აირის უმსხვილესი საბადო აღმოაჩინეს, რომლის პოტენციური მოცულობა 20 მლნ კუბური მეტრია დღეღამეში, რაც ქვეყნის მთლიანი ბუნებრივი აირის წარმოების მესამედია. ამის შესახებ ადგილობრივი O Estado de S. Paulo იუწყება.

კონკრეტულად საუბარია ქვეყნის ჩრდილო აღმოსავლეთ სანაპიროზე, ქალაქ არაკაჟუდან 80 კმ მანძილის მოშორებით არსებულ 6 ღრმაწყლოვან შელფზე. ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, მილსადენის მშენებლობა და საბადოზე საზღვრის დადგენას 2 მილიარდი დოლარი დასჭირდება.

სახელმწიფო ნავთოგაზის კორპორაცია Petrobras-მა, რომელიც არის ქვეყანაში დე ფაქტო მონოპოლისტი ბუნებრივი აირის ბაზარზე, მაისში გამოაცხადა საბადოს აღმოჩენის შესახებ, თუმცა მის მოცულობაზე ინფორმაცია აქამდე არ გავრცელებულა. ის არ ავრცელებს ინფორმაციას არც სამუშაოების დაწყების თარიღთან დაკავშირებით.

ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ საბადოს აღმოჩენა ხელს შეუწყობს ქვეყანაში ბუნებრივი აირის 50%-ით გაიაფებას, რაც ბიძგს მისცემს მრეწველობის განვითარებას.

კოკა კვირკველია